ყოფილი უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პეტერ სიიარტოს პრესკონფერენციებზე ჟურნალისტების ნაცვლად საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ისხდნენ, რომლებიც ჟურნალისტებად ასაღებდნენ თავს და ქმნიდნენ შთაბეჭდილებას, თითქოს დარბაზი სრულად იყო გადაჭედილი.
ამის შესახებ უნგრულო გამოცემა 444-ზე იუწყება.
უნგრული გამოცემის წყაროებმა განაცხადეს, რომ უწყების თანამშრომლებს სიიარტოს პრესკონფერენციებზე აგზავნიდნენ, რათა დარბაზში ცარიელი ადგილები არ ყოფილიყო, რადგან უნგრული მედიის წარმომადგენელთა უმეტესობას ამ ღონისძიებებზე არ უშვებდნენ.
მინისტრის კაბინეტი სამინისტროს ცალკეული დეპარტამენტების ხელმძღვანელებს წერილს უგზავნიდა, რომელშიც ეწერა, რომ რამდენიმე დღეში სიიარტო საკონფერენციო დარბაზში უცხოელ კოლეგასთან ერთად ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავდა და მასზე საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იყვნენ მიწვეული.
წერილში ასევე მითითებული იყო, რამდენი თანამშრომელი უნდა დასწრებოდა ღონისძიებას, ხოლო დეპარტამენტების ხელმძღვანელებს წინასწარ უნდა ეცნობებინათ, კონკრეტულად ვინ დაესწრებოდა პრესკონფერენციას.
თანამშრომლების თქმით, მათგან უპირველესად მოითხოვდა 50-60 დგილიანი დარბაზის შევსებას. ასევე მნიშვნელოვანი მოთხოვნა იყო, რომ პრესკონფერენციის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე ყველას ადგილი დაეკავებინათ.
მედიის ცნობით, სიიარტოს პრესკონფერენციებზე ჟურნალისტები პრაქტიკულად არ იყვნენ, რადგან დამოუკიდებელ რედაქციებს, რომელთა კითხვებსაც ღონისძიების ჩაშლა შეეძლო, მოსაწვევებს არ უგზავნიდნენ.
„ხშირად ხდებოდა, რომ იქ მხოლოდ ერთი ჟურნალისტი იყო — MTI-დან [უნგრეთის საინფორმაციო სააგენტო]. ერთხელ საკუთარი თვალით ვნახე, როგორ კარნახობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის თანამშრომელი მას, კონკრეტულად რა უნდა ეკითხა“, - განაცხადა სამინისტროს ერთ-ერთმა თანამშრომელმა.