აშშ-ის ოფიციალური პირების განცხადებით, უკრაინა დათანხმდა, არ დაესხას თავს იმ ნავთობტანკერებსა და შავი ზღვის ინფრასტრუქტურას, რომლებიც რუსეთს არ ეკუთვნის. ამის შესახებ Bloomberg წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
Bloomberg-ის ინფორმაციით, უკრაინა შავ ზღვაში არარუსულ ნავთობტანკერებსა და ინფრასტრუქტურას არ დაარტყამს.
მათივე ინფორმაციით, აშშ-ს შუამავლობით მიღწეული შეთანხმების თანახმად, უკრაინამ აიღო ვალდებულება, თავი შეიკავოს კასპიის მილსადენის კონსორციუმის (CPC) ინფრასტრუქტურასა და ტერმინალში მიმავალ არარუსულ გემებზე თავდასხმებისგან, იმ პირობით, რომ ეს გემები რუსულ ნავთობს არ გადაიტანენ.
გამოცემა აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინამ შექმნა საკონტაქტო პუნქტები, რათა კომერციულ გადამზიდავებს საშუალება მისცეს ინფორმაცია გააზიარონ და უსაფრთხო გადაზიდვა უზრუნველყონ.
გამოცემა წერს, რომ აღნიშნული შეთანხმება აშშ-ის მთავრობისა და უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნებს შორის შეხვედრის შემდეგ იქნა მიღწეული.