ევროპას, ამერიკასა და უკრაინას დიდი ხანია სურთ ამ რუსული ომის დასრულება. ამის გაკეთება მხოლოდ პუტინს არ სურს და ის სასოწარკვეთით ებღაუჭება თავის ბალისტიკურ რაკეტებსა და დრონებს, რათა ომი გააგრძელოს.
"გასულ ღამეს რუსეთმა კიევის ოლქის სოფელ პუხივკაში დრონებით განხორციელებული დარტყმების შედეგად სამი ადამიანი მოკლა - ბაბუა, ბებია და მათი შვილიშვილი. ბიჭი მხოლოდ სამი წლის იყო.
კიდევ ოთხი ადამიანი ჰოსპიტალიზებულია: ბავშვის მშობლები, მისი 15 წლის ძმა და მეზობელი, რომელიც ოჯახს დასახმარებლად მივიდა და განმეორებითი დარტყმის შედეგად დაიჭრა. დაშავებულებს თერმული დამწვრობები და ნამსხვრევებით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებათ. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს...
ეს ჩვეულებრივი საცხოვრებელი სახლი იყო. რუსებს ამის შესახებ არ შეიძლება არ სცოდნოდათ.
ასევე ექვსი ბალისტიკური რაკეტით განხორციელდა დარტყმა კიევში სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. ამ დროისთვის ერთი დაღუპულის შესახებ არის ცნობილი. ვუსამძიმრებ მის ოჯახსა და ახლობლებს.
თავდასხმა ასევე განხორციელდა დონეცკის, ხარკივის, სუმის, დნიპროს, ზაპოროჟიეს, ოდესის, ხერსონის, მიკოლაევის, ჩერნიჰივისა და პოლტავის ოლქებზე.
ევროპას, ამერიკასა და უკრაინას დიდი ხანია სურთ ამ რუსული ომის დასრულება. ამის გაკეთება მხოლოდ პუტინს არ სურს და ის სასოწარკვეთით ებღაუჭება თავის ბალისტიკურ რაკეტებსა და დრონებს, რათა ომი გააგრძელოს.
საჭიროა მეტი ზეწოლა. ახალი სანქციები, რომლებიც ამ ბალისტიკური რაკეტების წარმოებას შეაფერხებს.
და, რა თქმა უნდა, ჩვენს ხალხს მეტი დაცვა სჭირდება. ბალისტიკური რაკეტების საწინააღმდეგო შესაძლებლობები, Patriot-სთვის, SAMP/T-ისთვის, NASAMS-ისთვის და Hawk-ისთვის საჭირო რაკეტა-ჩამჭერები, ასევე ჩვენი F-16-ები - ეს ყველაფერი მუშაობს და სიცოცხლის დაცვას ეხმარება, როდესაც აქ, უკრაინაშია და არა რუსული დარტყმებიდან ათასობით კილომეტრით დაშორებულ საწყობებში.
მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ლიდერობას იჩენს და, მიუხედავად ყველაფრისა, საჰაერო თავდაცვის ახალ პაკეტებს გვაწვდის", - წერს ზელენსკი.