8 აგვისტოს ღამით რუსეთის ძალებმა კიევის ოლქის ბროვარის რაიონს დაარტყეს. შედეგად 3 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი, დაიღუპა, კიდევ 3 ადამიანი დაშავდა.
კიევის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ტიმურ ტკაჩენკოს განცხადებით, ბროვარის რაიონში მტრის თავდასხმის შედეგები სამ ადგილზე დაფიქსირდა.
„ამ დროისთვის ბროვარის რაიონში მტრის თავდასხმის შედეგები სამ ადგილზეა დაფიქსირებული. სამწუხაროდ, დაიღუპა სამი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი. კიდევ სამი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ასევე ერთი ბავშვია“, - განაცხადა ტკაჩენკომ.
მისივე ინფორმაციით, ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად დაზიანდა კერძო საცხოვრებელი სახლი, დამხმარე ნაგებობები და ავტომობილები. გარდა ამისა, არასაცხოვრებელი შენობის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.
ადგილზე მაშველები და შესაბამისი სამსახურები მუშაობენ. თავდასხმის შედეგების ლიკვიდაცია გრძელდება.