უკრაინულ თვითმფრინავს, რომლის მახლობლადაც ლაიფციგის აეროპორტში ასაფეთქებელი მოწყობილობით აღჭურვილი დრონი აღმოაჩინეს, საბრძოლო მასალა გადაჰქონდა. ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, ეს ტვირთი ცოტა ხნით ადრე საფრანგეთიდან ლაიფციგში გადაიტანეს და, სავარაუდოდ, შემდგომი ტრანსპორტირებისთვის იყო განკუთვნილი.
აეროპორტი სამხედრო დანიშნულების მნიშვნელოვანი სატრანსპორტო და ლოჯისტიკური კვანძია. ოფიციალური ინფორმაციით, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ უკრაინა ამ აეროპორტს სამხედრო ტვირთების გადაზიდვის ალტერნატიულ ჰაბადაც იყენებს.
ლაიფციგის აეროპორტში გუშინ უკრაინული „ანტონოვის“ სატრანსპორტო თვითმფრინავის მახლობლად ასაფეთქებელი მოწყობილობითა და დეტონატორით აღჭურვილი დრონი აღმოაჩინეს. ამის შემდეგ რამდენიმე რეისის გადამისამართება გახდა საჭირო. გერმანიის პოლიციამ ასაფეთქებელი მოწყობილობის გასანეიტრალებლად სპეციალური რობოტი განათავსა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიებას გერმანიის პროკურატურის ექსტრემიზმისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილებები აწარმოებენ.