უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრი სიბიჰამ კიევში ვიზიტით მყოფ აზერბაიჯანელ კოლეგასთან, ჯეიჰუნ ბაირამოვთან მოლაპარაკებები გამართა.
„შეხვედრის ფარგლებში განვიხილეთ ორმხრივი და საერთაშორისო დღის წესრიგის მთავარი საკითხები, მათ შორის რეგიონული უსაფრთხოება, ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევის მცდელობები, ეკონომიკური და ენერგეტიკული თანამშრომლობა, ასევე, უკრაინის აღდგენის პროცესში აზერბაიჯანის მნიშვნელოვანი წვლილი“, - წერს ანდრი სიბიჰა X-ზე.
ჯეიჰუნ ბაირამოვის განცხადებით, უკრაინელ კოლეგასთან კიევში გამართულ შეხვედრაზე აზერბაიჯანსა და უკრაინას შორის სტრატეგიული პარტნიორობის საკითხი განიხილეს.
მხარეებმა ასევე რეგიონულ და საერთაშორისო პროცესებზე ისაუბრეს.
„ჩვენს ქვეყნებს მეგობრობასა და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობაზე დაფუძნებული სტრატეგიული პარტნიორობის ურთიერთობები აკავშირებთ“, –-წერს ჯეიჰუნ ბაირამოვი.