6 აგვისტოს ღამით რუსეთის ქალაქ იაროსლავლზე დრონებით შეტევა განხორციელდა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი სავარაუდო სამიზნე იაროსლავლის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა იყო.
იაროსლავლის ოლქის გუბერნატორის, მიხაილ ევრაევის განცხადებით, იაროსლავლი და რეგიონი „უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების მტრულ შეტევას“ განიცდიან. მისი თქმით, უსაფრთხოების მიზნით იაროსლავლიდან მოსკოვის მიმართულებით სატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდა.
რუსულ Telegram-არხებზე გავრცელდა ცნობები ქალაქის თავზე დრონების ფრენის, აფეთქებებისა და კვამლის სვეტების შესახებ.
Astra-სა და Exilenova+-ის ცნობით, შეტევის სავარაუდო სამიზნე იაროსლავლის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა იყო.
მოგვიანებით Astra-მ OSINT-ანალიზზე დაყრდნობით განაცხადა, რომ დრონებმა იაროსლავლში იერიში მიიტანეს "სლავნეფტ-იანოსის" ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე.
გამოცემის ინფორმაციით, აღნიშნული საწარმო მანამდე უკრაინული დრონების შეტევის სამიზნე სულ მცირე ექვსჯერ გახდა.