5 აგვისტოს ღამით რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინაზე იერიში მიიტანეს 24 ბალისტიკური რაკეტით, ოთხი ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტით და სხვადასხვა ტიპის 115 დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატით.
უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 98 დრონი გაანადგურეს. ჩამოგდებული რაკეტების შესახებ უკრაინის მხარეს ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
მათი ინფორმაციით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთმა ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები „ცირკონი“/„ონიქსი“ გაუშვა რუსეთის კურსკისა და როსტოვის ოლქებიდან, ხოლო ბალისტიკური რაკეტები „ისკანდერ-მ“/S-400 — ბრიანსკისა და კურსკის ოლქებიდან.
Shahed-ის, „გერბერას“, „იტალმასის“ ტიპის აპარატები და დრონ-იმიტატორები „პაროდია“ - გაშვებული იყო რუსეთის კურსკის, მილეროვოსა და ორიოლის რაიონებიდან, ასევე ოკუპირებული დონეცკიდან და ყირიმის ქალაქ გვარდეისკოედან.
უკრაინის საჰაერო ძალებში აღნიშნეს, რომ გაშვებული Shahed-ების უმეტესობა რეაქტიული ტიპის იყო.
თავდასხმის მთავარი მიმართულება კიევის ოლქი გახდა.
უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვამ ქვეყნის ჩრდილოეთ, სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილებში ჩამოაგდო ან ჩაახშო მტრის 98 უპილოტო საფრენი აპარატი - Shahed-ის, „გერბერას“, „იტალმასის“ და სხვა ტიპის დრონები.
დაფიქსირდა რაკეტებისა და 17დრონის მოხვედრა 26 ლოკაციაზე, ასევე ჩამოგდებული აპარატების ნამსხვრევების დაცემა - 6 ადგილზე.
შეგახსენებთ, 5 აგვისტოს ღამით რუსეთმა კიევის ოლქზე მასშტაბური კომბინირებული იერიში მიიტანა, რომლის დროსაც გამოიყენა ბალისტიკური რაკეტები და დრონები. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა, 22 კი დაშავდა.