აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანს შორის ძალიან კარგი მოლაპარაკებები მიმდინარეობს და მათი შედეგი შესაძლოა უახლოესი 48 საათის განმავლობაში გახდეს ცნობილი.
„ჩვენ ძალიან კარგად მივიწევთ წინ [ირანთან მოლაპარაკებებში]. შედეგს 48 საათის განმავლობაში გავიგებთ. ეს [ჰორმუზის სრუტის გახსნა] შეიძლება ხვალ ან ზეგ მოხდეს“, - განაცხადა ტრამპმა .
ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტე უახლოეს მომავალში გაიხსნება ნაოსნობისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში აშშ-ის არმია ირანს დაარტყამს.
ამასთან, ტრამპმა განაცხადა, რომ მისი მთავარი მიზანი სამხედრო ოპერაციების განახლება არ არის და უპირატესობას დიპლომატიურ შეთანხმებას ანიჭებს.
„ჩვენ მათ ძალიან, ძალიან ძლიერი დარტყმა მივაყენეთ, მაგრამ ყველაზე მძიმე დარტყმა ჯერ კიდევ წინ არის და იმედი მაქვს, მისი გამოყენება არ მოგვიწევს. იმედი მაქვს, ეს საჭირო არ გახდება – ჩვენ ძალიან კარგი მოლაპარაკებები გვაქვს. მათ უბრალოდ ამის აღიარება არ სურთ“, - აღნიშნა ტრამპმა.
ამასთან, მან სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ ირანი, უარს ამბობს აღიაროს „კარგი მოლაპარაკებების“ ფაქტი.
აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ისლამური რესპუბლიკის ასეთი მიდგომა მოლაპარაკებების პროცესის მიმართ „ცოტა გულდასაწყვეტია“.
ცნობისთვის, ირანი უარყოფს, რომ შეერთებულ შტატებთან პირდაპირ მოლაპარაკებებს აწარმოებს. თეირანის განცხადებით, ჰორმუზის სრუტის საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს მხოლოდ ომანთან მართავს.