უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა 40-დღიანი ოპერაციის შედეგები შეაჯამა და განაცხადა, რომ ამ პერიოდში 21 ათასზე მეტი ერთეული სამხედრო ტექნიკა, შეიარაღება და სამხედრო ინფრასტრუქტურა გაანადგურა, თითქმის 5 000 რუსი სამხედრო კი ლიკვიდირებულია.
უწყების განცხადებით, ოპერაცია, რომელიც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკი დაამტკიცა, რუსეთის ომის დასრულებისკენ იძულებას ისახავდა მიზნად.
უწყების ინფორმაციით, 40-დღიანი კამპანიის ფარგლებში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთის ტერიტორიასა და უკრაინის დროებით ოკუპირებულ რეგიონებში 100-ზე მეტი წარმატებული დარტყმა განახორციელა სტრატეგიულად მნიშვნელოვან ობიექტებზე.
სამიზნეებს შორის იყო:
სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საწარმოები;
სამხედრო აეროდრომები;
საჰაერო თავდაცვის სისტემები;
საოკუპაციო ძალების სამეთაურო პუნქტები;
სამხედრო ხომალდები და „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერები;
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები;
სატრანსპორტო და სამხედრო ლოგისტიკის ობიექტები.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ფრონტის ხაზსა და მტრის ზურგში მოქმედმა სპეციალურმა დანაყოფებმა ასევე 21 000-ზე მეტი ერთეული სამხედრო ტექნიკა, შეიარაღება და სამხედრო ინფრასტრუქტურა დააზიანეს ან გაანადგურეს, ხოლო თითქმის 5 000 რუსი სამხედრო ლიკვიდირებულია.
უწყებამ ასევე განაცხადა, რომ ოპერაციის ფარგლებში დარტყმები მიიტანეს რუსეთის სამხედრო ავიაციაზე, საჰაერო თავდაცვის სისტემებზე, საწვავ-ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე, „ჩრდილოვანი ფლოტის“ ობიექტებზე, ბრძოლის ველზე არსებულ სამხედრო სამიზნეებსა და უპილოტო სისტემებზე.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, 40-დღიანი კამპანია რუსეთის სამხედრო მანქანის საკვანძო ელემენტების ერთდროულად დასუსტებას ისახავდა მიზნად.
„ინტენსივობით, გეოგრაფიული მასშტაბითა და ერთდროულად დაზიანებული სტრატეგიული ობიექტების რაოდენობით, ეს ოპერაცია აგრესორ სახელმწიფოზე ზემოქმედების ეფექტიან მექანიზმად იქცა. რუსეთის სამხედრო-ეკონომიკური პოტენციალის შემცირების მიზნით მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება“, – აცხადებენ უწყებაში.