ლიეტუვა ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის ფარგლებში თავის ტერიტორიაზე უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების წარმოების ლოკალიზებისთვის ემზადება. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა რობერტას კაუნასმა განაცხადა, წერს LRT.
მისი თქმით, მხარეებმა უკვე დაიწყეს Drone Deal-ის ["დრონების შეთანხმება"] პრაქტიკული განხორციელება. შეთანხმებას მაისში ხელი მოაწერეს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკომ და ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ.
ლიეტუვის თავდაცვის სამინისტროში სპეციალური გუნდი იქმნება, რომელიც ქვეყანაში უკრაინული დრონების წარმოების დაწყებაზე იმუშავებს.
დრონების წარმოება უკრაინული ტექნოლოგიებით იგეგმება. პროექტი ითვალისწინებს ერთობლივ ინვესტიციებს და მიზნად ისახავს როგორც უკრაინის საწარმოო შესაძლებლობების გაფართოებას, ისე ლიეტუვის თავდაცვითი მრეწველობის გაძლიერებას.
ვილნიუსში მიაჩნიათ, რომ წარმოების ლოკალიზაცია დააჩქარებს დრონების გამოშვებას, ხელს შეუწყობს ტექნოლოგიების დანერგვას და ლიეტუველ ინჟინრებს უკრაინელ სპეციალისტებთან თანამშრომლობის შესაძლებლობას მისცემს.
მანამდე სააგენტო Invest Lithuania-ს ხელმძღვანელმა ელიუს ჩივილისმა განაცხადა, რომ უკრაინის თავდაცვითი სექტორის რამდენიმე კომპანიამ ეროვნული უსაფრთხოების მოთხოვნების შემოწმების შემდეგ ლიეტუვაში საქმიანობის ნებართვა უკვე მიიღო.
ივნისში ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა უკრაინელების მიერ დაფუძნებულ კომპანია LuxUAV-საც შესთავაზა, თავისი უპილოტო საფრენი აპარატები ლიეტუვის ტერიტორიაზე გამოსცადოს.