ENG / RUS       12+

სოლომონ პავლიაშვილი: საქართველოში მედიკამენტებისა და ნავთობის გაძვირება პროტექციონისტული მონოპოლიების ბრალია!

რესპოდენტის შესახებ

"ის სერიოზული ეკონომიკური პროცესები, რომელიც საქართველოს თითოეული ოჯახის მდგომარეობაზე აისახება, მხოლოდ შიდა ფაქტორების ბრალი არაა და ამას გარკვეული ბიძგი მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისიმა, ნავთობპროდუქტებსა ენერგორესურსებზე ფასების ზრდამ მისცა," _ აცხადებს ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორი, ეკონომიკის ექსპერტი სოლომონ პავლიაშვილი. მისივე თქმით, სამომხმარებლო პროდუქტის კატასტროფული გაძვირებაც ნავთობზე ფასის მომატებით აიხსნება.

სოლომონ პავლიაშვილი: _ მხოლოდ ბოლო ერთი კვირის მონაცემებით, ნიუორკის ბირჟაზე ერთ დღეში ბარელი ნავთობი 10 დოლარით გაიზარდა და თითქმის 100 დოლარს გაუტოლდა. ნავთობის გაძვირების მიზეზი მხოლოდ ეკონომიკის კრიზისის შემდგომი გამოცოცხლება კი არა, ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებში _ ალჟირში, რომელიც მდიდარია გაზით და ნავთობით, ეგვიპტეში, ტუნისსა და იორდანიაში მიმდინარე პროცესებია, რომლებმაც მსოფლიოს სახელმწიფოებს გარკვეული შიში გაუჩინეს, რომ ანალოგიური პროცესები ახლო აღმოსავლეთის ნავთობით მდიდარ ისეთ ქვეყნებშიც არ დაწყოს, როგორიცაა, მაგალითად, საუდის არაბეთი, ქუვეითი... სახელმწიფოებმა მაქსიმალურად დაიწყეს საკუთარი ნავთობის რეზერვების შევსება. სხვათა შორის, ნავთობის რეზერვების შემცირების პრობლემა უდგას აშშ-საც, რაც ნავთობის ფასზეც პირდაპირ აისახა. საერთოდ, 1 მილიონი ბარელი ნავთობით მოთხოვნის გაზრდა იწვევს ბარელი ნავთობის, დაახლოებით, 7-8 დოლარით გაზრდას. 6 თვის წინ ბარელი ნავთობი, დაახლოებით, 60-65 დოლარი ღირდა... აგვისტოდან დღემდე ტონა ხორბლის ფასი 180-დან 360 დოლარამდე გაიზარდა. გაერო-ს მონაცემებით 2011 წელს მსოფლიოს ექნება 50 მილიონი ტონა ხორბლის დეფიციტი. ამას ისიც ემატება, რომ ჯერ კიდევ გასული წლის სექტემბერში რუსეთმა ხორბლის ექსპორტი აკრძალა. აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს რუსეთიდან ყოველწლიურად 12-15 მილიონი ტონა ხორბლის ექსპორტი ხდებოდა, მაგრამ ევროკავშირმა და აშშ-მ თავის დროზე რატომღაც საჭიროდ არ ჩათვალეს, რომ რუსეთის მიმართ კრიტიკული განცხადება გაეკეთებინათ. არადა, ასეთ განცხადებას უდაოდ იმსახურებდა, მით უმეტეს, რომ რუსეთს სულით და გულით უნდა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანება და ასეთ დროს არ უნდა ახდენდეს ბაზრის იძულებით იზოლაციას.
ამას ემატება ბრაზილიაში მომხდარი ბუნებრივი კატაკლიზმები, რომელმაც მთლიანად გამოიყვანა მწყობრიდან ქვეყნის ეკონომიკა. წყალდიდობა _ ავსტრალიაში, ნათესების განადგურება, ხორბლის დაბალი მოსავალი არგენტინაში, კანადაში, რომლებიც ხორბლის მსხვილ ექსპორტიორ ქვეყნებად ითვლებიან... ჩინეთის მთავრობამ ჯერ კიდევ ივნისში მიიღო კანონი ხელფასების 125-დან 140-დოლარამდე გაზრდასთან დაკავშირებით. ეს ცვლილება 500 მილიონზე მეტ ადამიანს შეეხეო. წარმოგიდგენიათ, რა კოლოსალურ თანხებზეა საუბარი, რომელიც აისახა ჩინეთში წარმოებულ, როგორც პირველადი მოხმარების საგნებზე _ ტანსაცმელზე, ბამბეულზე, ფეხსაცმელზე, ასევე მაღალი ტექნოლოგიის პროდუქციის წარმოებაზე, რომელსაც ჩინეთში სხვადასხვა სახელმწიფო აწარმოებს. გაერო-ს მონაცემებით, მარტო დეკემბერში მსოფლიოში სურსათზე ფაზები 4,2%-ით გაიზარდა, თუმცა ეს ჩვენთვის შეღავათი არაა.

_ ანუ იმის თქმა გინდათ, რომ ის ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც მსოფლიოს დიდმა ქვეყნებმა ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად აირჩიეს, უშედეგოა?

_ ეკონომიკური გამოცოცხლებისა და კრიზისიდან თავის დასაღწევად მსოფლიოს წამყვანმა ქვეყნებმა მხარი დაუჭირეს ეკონომიკის სახელმწიფო რეგულირების პოლიტიკას და საკუთარი ეკონომიკების დაფინანსება დაიწყეს სახელმწიფო ბიუჯეტებიდან, ანუ განახორციელეს მასტიმულირებელი ეკონომიკური პოლიტიკა. მიუხედავად იმისა, რომ პირველ ეტაპზე ზოგიერთი ევროპული ქვეყანა თავს იკავებდა სახელმწიფოს მხრიდან ეკონომიკაში ჩარევაზე, მათ მაინც მოუწიათ იძულებითი ნაბიჯის გადადგმა. ამის ნათელი მაგალითია გერმანია, რომელმაც გამოიყენა 50 მილიარდიანი სტიმულირების პაკეტი და, პლუს, 100 მილიარდიანი გარანტია სახელმწიფოს მხრიდან იმ ბანკებისათვის, რომლებიც გასცემდნენ კრედიტებს კერძო კომპანიების დასახმარებლად. გერმანიუმ, ასევე, ყველაფერი გააკეთა, რომ გადაერჩინა `ოპელის~ მსხვილი ავტო-ინდუსტრია და მოლაპარაკებებს აწარმოებდა სხვადასხვა მონათესავე კომპანიასთან (`ჯენერალ მოტორსი~, `კრაისლერი~ და სხვა). ასევე, გათვალისწინებულია საშემოსავლო გადასახადის შემცირება 15,5%-დან 14,9%-მდე. გადაწყვეტილია, ორი წლის განმავლობაში ინფრასტრუქტურისათვის გამოიყოს 18 მილიარდი ევრო, ყველა ოჯახი თითო ბავშვზე ერთჯერადად მიიღებს 100 ევროს, გაიზარდა კომპანიების სუფსიდირება, რათა მათ შვებულებაში გაუშვან კრიზისის გამო დროებით დახურული საწარმოების მუშები.
აშშ-მ კი თითქმის 900 მლრდ დოლარი გამოყო საკუთარი ეკონომიკის `გადასარჩენად~. პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ კი იმ 50 მილიონი ადამიანის დაზღვევა მოითხოვა, რომელიც დღეისთვის დაზღვევის გარეშეა. აღნიშნულ ქვეყნებს, მიუხედავად თავისი ლიბერალური ეკონომიკისა, არც იაპონია ჩამორჩა და 270 მილიარდი გამოყო ბანკებისთვის მოსახლეობის და კომპანიების მიერ აღებული კრედიტების ვადის გაგრძელებისათვის, 20 მილიარდი კი _ ერთჯერადი დახმარება საშუალო და დაბალ შემოსავლიან ოჯახებზე. თითქმის ანალოგიურად მოიქცნენ სხვა ქვეყნებიც.
ყველაფერი ეს სწორედ იმ ეკონომიკური თეორიის რეალიზაცია, რომელიც ჯერ კიდევ 1930-ან წლებში, ინგლისელმა ეკონომისტმა ჯონ მეინარდ კეინზმა ჩამოაყალიბა. აღნიშნული თეორია გამოყენებული იქნა `დიდი დეპრესიის~ დროს.
ამან და კიდევ სხვა ანალოგიურმა ღონისძიებებმა, რომელის გადაწყვეტაც დიდი ოცეულის შეხვედრაზე ხდებოდა, უდაოდ, ხელი შეუწყეს ეკონომიკის გამოცოცხლებას და შედარებით შეამსუბუქეს კრიზისების გავლენა მსოფლიოზე, ეს უდაოდ პოზიტიური იყო, თუმცა არსებობს ერთი გარემოება, რომელიც ეკონომიკურ თეორიაშიაც კი, ინვესტიციების განხორციელების თანმდევია და რომელიც გარკვეულად ხელს უწყობს ინფლაციურ პროცესებს.

_ კონკრეტულად, რას გულისხმობთ?

_ ასეთი მოვლენა მსოფლიოში ერთხელ უკვე დაფიქსირდა, როდესაც გასული საუკუნის 40-50-ან წლებში ფულად-საკრედიტო პოლიტიკის როლი ეკონომიკაში სრულიად იგნორირებული იქნა და გავრცელდა შეხედულება, რომ ივნესტიციებსა და ფულის მასას შორის ძალზე სუსტი კავშირია. გამომდინარე აქედან, ეკონომიკური სტაბილიზაციის პროგრამებში მთავარი მნიშვნელობა მიენიჭა ინვესტიციების საბიუჯეტო სტიმულირებას, რამაც თანდათან დააგროვა ინფლაციური პოტენციალი, რომელიც შემდეგ, რეალურად გამოვლინდა 70- 80-იან წლებში დიდი ინფლაციის სახით. ე.ი ასეთი დიდი ინექციების შეშვება დიდი დოზით, რა თქმა უნდა, ერთის მხრივ, ხელს უწყობს ეკონომიკის გამოცოცხლებას, უმუშევრობის შემცირებას, მაგრამ მეორეს მხრივ, ინფლაციური პროცესების მასტიმულირებელია.

_ ეს ზოგადი ტენდენციები გასაგებია, მაგრამ მოდით, კონკრეტულად ქართულ ინფლაციააზე ვისაუბროთ, რომელიც უკვე 10%-ს გადასცდა...

_ 2010 წელს სამომხმარებლო ფასების ინდექსი 145-მდე გაიზარდა, წლიურმა ინფლაციამ კი 11%-ს მიაღწია. მოსახლეობისათვის, პირველ რიგში, ყველაზე მძიმეა ისაა, რომ გაძვირდა სასურსათო პროდუქტზე ფასები, კერძოდ, პურზე ფასმა დაახლოებით 15%-ით მოიმატა, ზეთზე _ 32%-ით, კარტოფილზე - 30-35%-ით, ხახვი კი თითქმის 50%-ით გაძვირდა. ნავთობპროდუქციაც ყოველდღიურად ძვირდება. არადა, გაუგებარი, რა ხდება: როცა ბარელი ნავთობი 150-დან თითქმის 50-დოლარამდე დაეცა, ჩვენ ეს არ გვიგვრძნია და ფასების კლება მხოლოდ მინიმალური იყო. ახლა კი, როცა მსოფლიოში ფასის ზრდის ტენდენციაა, საქართველოშიც მნიშვნელოვნად იზრდება...
რაც ყველაზე სავალალოა, კატასტროფულად გაძვირდა მედიკამენტებიც და ყველაფერი ეს პროტექციონისტული მონოპოლიების ბრალია. საჭიროა გარკვეული სექტორების მუდმივი დემონოპოლიზაცია, რათა ფასები დარეგულირდეს და არ ვიყოთ `შეთქმულების~ მსხვერპლი. ყველაფერი ეს იმ ფონზე ხდება, როდესაც მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულზე მხოლოდ 3000 დოლარია, რომელიც მსოფლიო დონის საშუალო მაჩვენებელს თითქმის 3-ჯერ ჩამორჩება. ამიტომ მსოფლიო ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებს ჩვენი მოსახლეობა უფრო ძლიერად გრძნობს და განიცდის.
მდგომარეობას ისიც ამძიმებს, რომ მოსახლეობის ფენებს შორის მაღალია შემოსავლების დიფერენციაციის ხარისხი _ იგი დაახლოებით 16/1-ია.
დღეს ქვეყანა თითქმის მთლიანად დამოკიდებულია იმპორტზე, საუბარი მაქვს სასურსათო პროდუქციაზე. ამიტომ მიმაჩნია, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი უნდა იყოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მხარდაჭერა სოფლის მეურნეობის განვითარებაზე. ინფრასტრუქტურის განვითარება, რომელსაც მიმდინარე წელსაც გამოყოფილი აქვს თითქმის მილიარდ ლარზე მეტი, რათქმა უნდა, კარგია, მაგრამ მიუღებელია, როცა სოფლის მეურნეობას გამოყოფილი აქვს მხოლოდ 60 მილიონი ლარი. გასულ წელს კი მხოლოდ 15 მილიონი ჰქონდა გამოყოფილი. როგორ შეიძლება, ისეთ ქვეყანას, როგორიც საქართველოა, იმპორტის სახით შემოჰქონდეს ხახვი, პომიდორი, ბადრიჯანი, კარტოფილი? სწორედ ამ კუთხით უნდა იქნეს გამოყენებული კრეატიული, მაღალტექნოლოგიური და სხვა განვითარებულ ქვეყნებში აპრობირებული მეთოდები. ამ მხრივ კარგი მაგალითია თურქეთი და ისრაელი. სოფლის მეურნეობა, როგორც დარგი, რა თქმა უნდა, ინვესტორებისათვის ნაკლებად მიმზიდველია იმიტომ, რომ მათთვის მაღალმომგებიანი მხოლოდ კომუნიკაციები და ენერგოსფეროა, მაგრამ ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი მხარდაჭერა ამ დარგისათვის, რომ ყველა ფერმერს, გლეხს, გაუჩნდეს ამ სფეროში ჩართვის სურვილი. მაგალითად, ისეთი ქვეყნები, როგორიცაა ბელგია, ნორვეგია, ავსტრია, კანადა, აშშ ხშირ შემთხვევაში ბიუჯეტიდან პირდაპირ აფინანსებენ სოფლის მეურნეობას, თან საკმაოდ დიდი დოზით. ევროკავშირმა მარტო 2008 წელს 60 მილიარდი დოლარი გამოყო სოფლის მეურნეობის მხარდასაჭერად. ჩვენი გადარჩენაც სწორედ ეს გზაა.

_ ინფლაციის ფონზე, რამდენად დამაიმედებელია ლარის მდგომარეობა?

_ ზოგადად, ლართან დაკავშირებული მოვლენები ნაკლებად პროგნოზირებადია, ვინაიდან ეს ეროვნული ბანკის მოხელეთა და სხვა ჩინოვნიკთა სუბიექტურ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. ვფიქრობ, ისეთი `შავი პარასკევი~, რომელიც საქართველოში 2-ჯერ უკვე გათენდა, როცა ეროვნულმა ბანკმა დიდი ოდენობით მოკლევადიანი კრედიტები გასცა, რამაც კინაღამ მთლიანად დაანგრია საბანკო სისტემა, აღარ განმეორდება. თუ საინვესტიციო აქტიურობა არ გაიზარდა, ლარის კურსის თანდათანობით შემცირებაა მოსალოდნელი, თუმცა ეროვნულ ბანკს შეუძლია ე.წ `სავალუტო ღუზის~ გამოყენება, ანუ მოახდინოს გაცვლითი კურსის ფიქსაცია. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ქვეყანას ამ მეთოდების გამოყენების დროს უწევს დიდძალი რეზერვების ხარჯვა, რაც დამატებით საგარეო ვალების აღების ტოლფასია. ეროვნული ვალუტის სიმყარისათვის, გარდა ექსპორტისა, არის უცხოეთში მომუშავე თანამემამულეების მიერ გადმორიცხული თანხები, რომელიც დაახლოებით 1 მილიარდს უტოლდება. ასევე, ის კრედიტები, რომელიც პირდაპირ მოდის ეროვნული ბანკის რეზერვებში, ეს არის სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი და ა.ს.შ
როგორც ცნობილია, ეროვნულ ბანკს აქვს თითქმის 2 მილიარდამდე დოლარის რეზერვები, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის თითქმის 20%-ია, რაც არცთუ ცუდი მაჩვენებელია და იძლევა გარანტიას გაცვლითი კურსის რყევების თავიდან ასაცილებლად. რაც შეეხება იმას, თუ რა უნდა გაკეთდეს ინფლაციის თავიდან ასაცილებლად. გეტყვით, რომ ამაზე ფიშერის მიერ სპეციალური ფორმულაც კი არსებობს, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, ქვეყანას უნდა გააჩნდეს გამართული ანტიინფლაციური პოლიტიკა, რომლის მთავარი პირობა, პირველ რიგში, ინფორმაციის სრულყოფილი ფლობაა ეკონომიკური სუბიექტის მიერ მთავრობისა და ეროვნული ბანკის პოლიტიკის შესახებ, ინფლაციის შემცირების პროგრამა უნდა გამოქვეყნდეს წინასწარ, ანუ მანამ, სანამ ჩამოყალიბდება მათი უმნიშვნელოვანესი სახის მოლოდინი. მეორე პირობა კი ისაა, რომ ვინც აწესებს ფასებს და პირობას, უნდა ენდობოდეს მთავრობას და ეროვნულ ბანკს. პროდუქციაზე ფასების ზრდას სწორად ინფლაციური მოლოდინი განაპირობებს, ამიტომ თუ ეკონომიკურ სუბიექტებს ექნებათ სწორი ინფორმაცია, თუ რას აპირებს ხელისუფლება ინფლაციის თავიდან ასაცილებლად, ინფლაციური მოლოდინიდან გამოწვეული შოკიც ნაკლები იქნება.


"ჯი-ეიჩ-ენი"

ესაუბრა ალექსანდრე ნაბახტეველი

ავტორი: . .