დღეიდან სეპარატისტულ აფხაზეთში დარჩენილი მოსახლეობის აღწერა იწყება. აღწერა 28 თებერვალს დასრულდება. "აფხაზეთში მოსახლეობის აღწერა, გაეროს მიერ გამოცხადებული მსოფლიოს აღწერის ფარგლებში ტარდება", _ განაცხადა აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო სტატისტიკის მმართველმა ზოია ავიძბამ.
მისივე ინფორმაციით, დამკვირვებლების სტატუსით აფხაზეთში უკვე იმყოფებიან სეპარატისტული მთავრობის მიერ მოწვეული რუსეთის სტატისტიკის წარმომადგენლები - მოსკოვიდან, ადიღედან, როსტოვიდან და კრასნოდარიდან.
აღწერის პირველი ეტაპი სექტემბრის ბოლოს ჩატარდა სოხუმისა და გულრიფშის რაიონების მაღალმთიან სოფლებში, კერძოდ, სოფელ ფსხუსა და კოდორის ხეობაში. აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებისას, აფხაზური მხარე აღნიშნავს, რომ კოდორის ხეობაში მოსახლეობის აღწერა 1993 წლიდან პირველად ჩატარდა.
აფხაზური მხარე აღნიშნავს, რომ აღწერის ჩატარება საშუალებას მისცემს აფხაზურ მხარეს განისაზღვროს აფხაზეთში არსებული ნაციონალური შემადგენლობა, განათლების დონე და დასაქმების მაჩვენებელი.
აფხაზეთში 680 გადამწერი იმუშავებს. ძირითადად ეს სკოლის პედაგოგები არიან. მუშაობის რვა დღის განმავლობაში მათ 3,6 ათას რუბლს გადაუხდიან. აღწერაში პედაგოგების მონაწილეობა სასწავლო პროცესზე არ აისახება.
გადამწერების უსაფრთხოებას აფხაზეთის ე.წ. შს სამინისტროს თანამშრომლები უზრუნველყოფენ. აფხაზეთში იმოქმედებს 720 გადამწერი უბანი და 40 სტაციონარული გადამწერი უბანი.
2003 წელს სეპარატისტებმა პირველად 1992-1993 წლების ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შემდეგ მოსახლეობის აღრიცხვა ჩაატარა (და არა აღწერა). აღრიცხვის თანახმად, რესპუბლიკაში ცხოვრობდა 21, 572 ათასი ადამიანი.
აღრიცხვის თანახმად 2005 წელს აფხაზეთში მაცხოვრებელი ქართველი ეროვნების ადამიანების რაოდენობა 50 ათასს არ აჭარბებდა, მათ შორის იყვნენ დაბრუნებული დევნილები.
1989 წელს ჩატარებული აღწერის თანახმად აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში 242 ათასი ქართველი ცხოვრობდა.