ჰააგაში, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური სესიის ფარგლებში, მნიშვნელოვან შეხვედრებს ვმართავ ეუთო-ს ხელმძღვანელობასთან, საერთაშორისო პარტნიორებთან და იმ დელეგაციებთან, რომლებიც ათწლეულებია, საქართველოს გვერდით დგანან. ვიდრე „ქართული ოცნება“ საერთაშორისო ტრიბუნას ტყუილებისთვის და რეალობის დამალვისთვის იყენებს, ჩვენ ვაკეთებთ იმას, რის კეთებაზეც ხელისუფლება უარს ამბობს – ვიცავთ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს.
„ჰააგაში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში მიმდინარე სამუშაო ვიზიტის დროს, ეუთოს ხელმძღვანელობასთან, საერთაშორისო პარტნიორებსა და იმ დელეგაციების წარმომადგენლებთან მნიშვნელოვან შეხვედრებს ვმართავ, რომლებიც უკვე ათწლეულებია საქართველოს მტკიცედ უჭერენ მხარს.
მაშინ, როცა საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო ტრიბუნებიდან რეალობის დასაფარად სიცრუეს ავრცელებს, ჩვენ ვაკეთებთ იმას, რაზეც ისინი უარს ამბობენ — ვიცავთ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.
ეს აღარ არის მხოლოდ უმოქმედობა – ეს არის კოლაბორაციონიზმი. სწორედ ამიტომ, ხელისუფლების უმოქმედობის პირობებში, ჰააგაში ჩვენი მთავარი ამოცანაა პარტნიორების მობილიზება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ დაჩქარებული ანექსიის პროცესების წინააღმდეგ, განსაკუთრებით ცხინვალის რეგიონში ბოლო სამი თვის განმავლობაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.
ჩემს გუნდთან ერთად, ყველგან, სადაც საქართველოს ხმა უნდა ისმოდეს, გავაგრძელებ ბრძოლას ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად“, – წერს გიორგი გახარია.