უკრაინაში ლაზერული საჰაერო თავდაცვის (ჰაერსაწინააღმდეგო) სისტემების გამოცდა დაიწყო. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა მიხაილო ფედოროვმა განაცხადა.
ფედოროვის თქმით, ლაზერული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების გამოცდებმა უკვე პირველი შედეგები აჩვენა და ამჟამად მათ უკრაინელი სპეციალისტები სწავლობენ.
„ჩვენ უკვე ვტესტავთ ლაზერს და გარკვეული შედეგებიც გვაქვს. ჯერჯერობით ბევრ დეტალს არ ვასაჯაროებთ, თუმცა ეს მიმართულება აქტიურად ვითარდება“, - განაცხადა უკრაინის მინისტრმა.
მიხაილო ფედოროვის განცხადებით, მაისში უკრაინულმა ჩამჭრელმა დრონებმა თითქმის 7 000 რუსული „შაჰედისა“ და „გერბერას“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს.
მისი თქმით, ერთ-ერთი ბოლო მასშტაბური საჰაერო თავდასხმის დროს მტრის დამრტყმელი დრონების დაახლოებით 75% სწორედ ჩამჭრელი დრონების დახმარებით იქნა ჩამოგდებული.
ფედოროვმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების გამოყენებით იაფი ფრთოსანი რაკეტების შექმნა. მისი შეფასებით, ასეთი რაკეტები შესაძლოა უკვე ერთ წელიწადში გამოჩნდეს.
„შესაძლოა, ეს დღეს ფუტურისტულ პროექტად ჟღერდეს, მაგრამ ერთ წელიწადში ეს უკვე სიახლე აღარ იქნება. ჩვენ ამ მიმართულებით ვიმუშავებთ“, - განაცხადა მინისტრმა.
მისივე ინფორმაციით, ამჟამად უკრაინაში ათამდე კომპანიის მიერ შექმნილი იაფი რაკეტების გამოცდა მიმდინარეობს, რომლებიც მტრის დრონების ჩასაჭრელად არის განკუთვნილი.
გარდა ამისა, უკრაინა აგრძელებს ბალისტიკური რაკეტებისა და მართვადი საავიაციო ბომბების წინააღმდეგ მოქმედი თავდაცვის სისტემების განვითარებას.