ტერმინ "უშიშროებას" იგივე კონტექსტში იყენებდა სოლომონ დოდაშვილი: „რომელ მტკიცე მარჯვენა მეფისა ჰზრუნავს უშიშროებისათვის ჩვენისა და ყოველივე დაბორკილებანი აღხოცეს" [1]. ალექსანდრე ჭავჭავაძე 1837 წელს ნიკოლოზ პირველისადმი წარდგენილ „საქართველოს მოკლე ისტორიულ ნარკვევი და მდგომარეობა 1801-1831 წლამდე", იყენებს ტერმინს უშიშროება: „უშიშროება არ იყო არც ქალაქად არც სოფლად" [2]. ილია ჭავჭავაძეც, 1889 წელს "ივერიაში" (#90) გამოქვეყნებულ წერილში "...რომ ჩვენი მიჯნა სამხრეთისა საქართველოზედ შორს გაედგა მოსვენებისა და უშიშროებისათვის..." [3] იყენებს ამ ტერმინს, იგივე ტერმინს იყენებს "ქვათა ღაღადში" - "მას აქეთ, რაც ვახტანგმა გორგასალმა ჩრდილოეთით უშიშარ და უზრუნველ ჰყო მაშინდელი საქართველო, მთელი ჩვენი ისტორია მიიმართა იმაზე, რომ სამხრეთით გაგვემაგრებინა ჩვენი თავი" [4], ასევე ამავე კონტექსტში ამ ტერმინს იყენებს 1901 წელს გამოქვეყნებულ წერილში: „დადგა ხანა, ხანა მოსვენებულის, უშუშარის ცხოვრებისა" [5].
ტერმინი "უსაფრთხოება" კი განსხვავებულ კონტექსტში იხმარებოდა, მაგალითად, "ტექნიკური უსაფრთხოების დაცვა" (სხვათა შორის, დღეს თბილისში ტექნიკური უსაფრთხოების დაუცველობის გამო ბევრი ადამიანი იღუპება, მაგალითად, მშენებლობებზე....) და სხვ.
ამ ბოლო დროს, დამკვიდრდა სამწუხარო ტენდენცია, ზოგიერთი ჟურნალისტი, სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი "გაუბრაზდა" ტერმინ "უშიშროებას" და მის ნაცვლად XX საუკუნის ბოლო ათწლეულიდან განსხვავებული შინაარსის მატარებელ ტერმინ "უსაფრთხოებას" იყენებს, ანუ ორი განსხვავებული შინაარსის მქონე მოვლენის აღსანიშნავად ამკვიდრებს ერთ ტერმინს "უსაფრთხოებას", ისევე როგორც, მაგალითად რუსები ორი განსხვავებული მოვლენის შინაარსის გამოსახატავად იყენებენ მხოლოდ ერთ ტერმინს - უშიშროება - Безопасность და უსაფრთხოება - Безопасность. რაც შეეხება ტერმინ უშიშროების მოწინააღმდეგეთა მიერ მოტანილ არგუმენტს, რომ ტერმინი "უშიშროება" საბჭოთა კავშირის КГБ-სთან ასოცირდება და ამიტომ არ უნდა გამოვიყენოთ, ძალიან უხერხული სენტიმენტალიზმია. გასაგებია მათი გულჩვილობა, მაგრამ ქართულმა ენამ რა დააშავა? გარკვეული დროის გასვლის შემდეგ "კაგებეს" ამგვარი ემოციური დატვირთვა აღარ ექნება, ქართული ენა კი დარჩება კიდევ ერთი ქართული ტერმინის გარეშე. გაუგებარია, რატომ უნდა შეველიოთ რომელიმე ტერმინს და ხელოვნურად გავაღარიბოთ ენა. ეს ტენდენცია შეიძლება გასაგები ყოფილიყო ენათმეცნიერებს, ამ დარგის სპეციალისტებს, რომ წამოეწიათ ეს საკითხი, მაგრამ არასპეციალისტები და მედროვენი, რომ აქტიურობენ და საზოგადოებას ახვევენ თავიანთ არაკომპეტენტურ აზრს, ეს არის გასაკვირი. ამ საკითხში კომპეტენტურმა ქართულმა ენათმეცნიერებამ ხომ დიდი ხანია გააკეთა თავისი დასკვნა.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის, ენათმეცნიერების ინსტიტუტისა და ქართული ენციკლოპედიის მიერ გამოცემული ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის (მთ. რედაქტორი არნ. ჩიქობავა) მიხედვით, "უშიშროება" არის "მდგომარეობა, როდესაც რისამე საფრთხე არ არსებობს, რაიმე საშიშროება, საფრთხე არ ემუქრება ვისმე, რასმე. მაგალითად, სახელმწიფო უშიშროების დაცვა. _ "გაერთიანებული ერების უშიშროების საბჭო," ხოლო "უსაფრთხოება" - იგივეა, რაც უსაშიშროება, ანუ "საშიშროებისაგან დაცვის უზრუნველყოფა. მაგალითად, ტექნიკური უსაფრთხოება."
ინგლისურ ენაშიც ტერმინში "security" "ეროვნული უშიშროების" (National security), "უშიშროების საბჭოს" (Security Council), "საინფორმაციო უშიშროების" (security information) კონტექსტში გამოიყენება და მოიაზრებენ პოტენციურ მსხვერპლს, ხოლო ტერმინში "safety", რომელიც ქართულ ენაშიც "წარმოებაში ტექნიკური უსაფრთხოების" (Industrial safety), "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების" (Road safety), "უსაფრთხოების ღვედების" (safety belt), "ტექნიკური უსაფრთხოების წესების" (safety code regulations) გამოსახატავად იხმარება, მოიაზრებენ საფრთხის წყაროს. იგივე მდგომარეობაა მრავალ სხვა ენაშიც, განსხვავებით რუსული, სომხური და აზერბაიჯანული ენებისა, სადაც ორივე მოვლენის გამოსახატავად მხოლოდ ერთი და იმავე სიტყვას იყენებენ.
შინაარსობრივი განსხვავების თვალსაჩინოებისთვის ასეთი მაგალითის მოყვანა შეიძლება - "სასურსათო უსაფრთხოებაში" მოიაზრება სურსათი, რომელმაც შეიძლება ადამიანის მოწამვლა გამოიწვიოს, ხოლო "სასურსათო უშიშროებაში", ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, - სურსათის ამოწურვის საფრთხე, რომელმაც პერსპექტივაში ვაითუ შიმშილი და სხვა თანმდევი პრობლემები გამოიწვიოს.
ამიტომ უმჯობესია არ დავარღვიოთ ტრადიცია და შესაბამისად გამოვიყენოთ ტერმინი - "ეროვნული უშიშროება". ამ კონტექსტში ტერმინი "უშიშროება" უფრო ზუსტად განსაზღვრავს საქმის არსს, მით უმეტეს, ქართულმა ენათმეცნიერებამ და საქართველოს პარლამენტმა უპირატესობა მიანიჭა სწორედ ტერმინ "უშიშროებას": საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლში წერია ტერმინი "ეროვნული უშიშროების საბჭო", ხოლო 1996 წლის 24 იანვარს მიღებულია "კანონი ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ" (ამ დროს მასმედია იუწყება: „ეროვნული უშიშროების" (!) საბჭოში მუშავდება „ეროვნული უსაფრთხოების" (?!) ახალი ვარიანტი).
შესაბამისად ტერმინი "უსაფრთხოებაც" უნდა გამოვიყენოთ მხოლოდ საწარმოო, ტექნოგენური და ბუნებრივ-ეკოლოგიური წარმოშობის მოვლენებთან და პროცესებთან მიმართებაში (ტექნიკური უსაფრთხოება, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება, უსაფრთხოების ღვედები და სხვ.) [6].
ჰენრი კუპრაშვილი
პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, სტუ-ს სრული პროფესორი
გამოყენებული ლიტერატურა:
1. დოდაშვილი ს. წერილი ტფილისიდან პეტერბურგს ძმისადმი. ჟურნ. "სალიტერატურონი ნაწილნი ტფილისის უწყებათანი", 1832, #2, გვ.47.
2. ჭავჭავაძე ალ. თხზულებანი, 1940, გვ.243.
3. იხ., ჯორჯაძე ა. წერილები. თბ., "მერანი", 1989. გვ.63-64.
4. ჭავჭავაძე ი. თხზ., ტ.1, 1984, გვ. 805.
5. ჭავჭავაძე ი. თხზ., ტ.2, 1941, გვ. 498.
6. კუპრაშვილი ჰ. საქართველოს ინფორმაციული უშიშროების უზრუნველყოფის რამდენიმე ასპექტი.საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია მიძღვნილი აკად. ივერი ფრანგიშვილის დაბადების 80 წლისთავისადმი "საინფორმაციო და კომპიუტერული ტექნოლოგიები, მოდელირება, მართვა", მოხსენებათა თეზისები. თბილისი, 2010. გვ. 122-123.
კუპრაშვილი ჰ. ეროვნული უშიშროება: პრობლემური სიტუაცია და კრიტერიუმები (საქართველოს ეროვნული უშიშროების კვლევის თეორიულ-მეთოდოლოგიური ასპექტები). - პოლიტოლოგია. რეკომენდებულია სახელმძღვანელოდ სტუდენტებისათვის. /პროფ. ო. გოგიაშვილის რედაქციით.- თბ.: თსუ გამომცემლობა. 2004. თავი X, გვ. 328-351. ISBN 99928-33-53-X.
კუპრაშვილი ჰ. ეროვნული უშიშროების ცნების შინაარსი, პრობლემური სიტუაციის დახასიათება. საისტორიო ვერტიკალები. # 6, 2004. გვ. 51-60.
კუპრაშვილი ჰ. ეროვნული უშიშროების უზრუნველყოფის მნიშვნელოვანი ასპექტი. გაზ. "24 საათი". # 254. 2004 წლის 26 ოქტომბერი.
კუპრაშვილი ჰ. ენის გენოციდი?! გაზ. "ხვალინდელი დღე". # 200. 2004 წლის 19 ოქტომბერი.
კუპრაშვილი ჰ. იყო ორი, გახდა ერთი! გაზ. "სამხედრო - 24 საათი". # 20. 2004 წლის 11-17 ოქტომბერი.
კუპრაშვილი ჰ. "მეფემ არ იცის თორემ..." გაზ. "24 საათი". # 142. 2004 წლის 17 ივნისი.
კუპრაშვილი ჰ. ეროვნული უშიშროება თუ ეროვნული უსაფრთხოება? გაზ. "რეზონანსი". # 132. 2004 წლის 19 მაისი.