ესპანეთში, 25 წლის ნოელია კასტილიო რამოსს ევთანაზიის პროცედურა ჩაუტარდა, რისთვისაც თითქმის ორი წელი იბრძოდა. ამის შესახებ El Pais იუწყება.
ევთანაზია კატალონიაში, ქალაქ სანტ პერე დე რიბეს სამედიცინო დაწესებულებაში ჩატარდა.
გოგონამ მანამდე განაცხადა, რომ პროცედურის დაწყებამდე ოჯახის წევრებისა და მეგობრების ნახვა არ სურდა.
„ოჯახს ვუთხარი, რომ შეეძლოთ დამშვიდობება, მაგრამ არა მაშინ, როცა ინექციის გაკეთება დაიწყება. არ მინდა, შიგნით ვინმე იყოს, არ მინდა, მათ თვალები დამიხუჭონ,“ - თქვა გოგონამ.
„გთხოვთ, ილოცოთ მისი სულისა და მისი ოჯახისთვის. მშვიდობით განისვენე“, - დაწერა სოციალურ ქსელში ულტრა-კათოლიკურმა ორგანიზაცია Abogados Cristianos-მა, რომელიც მხარს უჭერდა ნოელია კასტილიო რამოსის მამას, რომელიც ცდილობდა მისთვის ევთანაზიის თავიდან აცილებას.
ნოელია კასტილიო რამოსი ესპანეთში ყველაზე ახალგაზრდა ადამიანი გახდა, რომელსაც ევთანაზია ჩაუტარდა, რაც ქვეყანაში 2021 წლიდან ლეგალურია. მან ამის ნებართვა 2024 წელს მიიღო.
თუმცა, ნოელია კასტილიო რამოსის მამამ, Abogados Cristianos-ის მხარდაჭერით, პროცედურის დროებით შეჩერება მოახერხა.
ის ამტკიცებდა, რომ მის ქალიშვილს ტკივილის, მედიკამენტებისა და ფსიქიკური მდგომარეობის გამო დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღება არ შეეძლო. თუმცა, სასამართლოებმა და სამედიცინო კომისიებმა საბოლოოდ დაასკვნეს, რომ იგი სრულიად კომპეტენტური იყო და მას გადაწყვეტილება გაცნობიერებული ჰქონდა..
El Pais-ის ცნობით, ნოელია კასტილიო რამოსს 601 დღე მოუწია ლოდინი, რათა ნებაყოფლობით დაესრულებინა სიცოცხლე.
ნოელია კასტილიო რამოსის მშობლები ნარკოდამოკიდებულები იყვნენ, მათ სახლი დაკარგეს, რის შემდეგაც ერთმანეთს დაშორდნენ.
გოგონა 12 წლის განმავლობაში თავშესაფრებში ცხოვრობდა. სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ, ის სოციალურ ცენტრში მოათავსეს, სადაც ჯგუფურად გაუპატიურების მსხვერპლი გახდა.
ამის შემდეგ ნოელია კასტილიო რამოსმა რამდენჯერმე სცადა თვითმკვლელობა.
ბოლოს ის ფანჯრიდან გადახტა. გადარჩა, მაგრამ ხელები და ფეხები პარალიზებული ჰქონდა. გოგონა საშინელი ტკიველებით მუდმივად იტანჯებოდა, რის გამოც მან სიცოცხლის ნებაყოფლობით დასრულების გადაწყვეტილება მიიღო.