„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო.
ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლის, თორნიკე ქოჩქიანის შეურაცხყოფას ედავება.
მელია სხდომას არ დასწრებია, მან რუსთავის ციხიდან სასამართლოში გადაყვანაზე პროტესტის ნიშნად თქვა უარი.
როგორც ნიკა მელიას ადვოკატმა, გიორგი კონდახიშვილმა სასამართლო პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებს განაცხადა, ექსპერტიზა ვერ ადგენს თუ ვინ წარმოთქმა შეურაცხმყოფელი ფრაზა.
საქმე ეხება 2025 წლის ოქტომბერში ჩატარებულ სასამართლო სხდომას, რა დროსაც თითქოს ნიკა მელიამ სასამართლოს შეურაცხყოფა მიაყენა. სასამართლო მხარეთა მტკიცებულებების დასაშვებობასთან დაკავშირებით იმსჯელებს, ასევე გადაწყვეტს გადავა თუ არა ეს საქმე არსებით განსახილველად. თავად ბრალდებული ნიკა მელია პროცესს არ დაესწრება. საქმეში არის მტკიცებულება, რომელშიც ისმის ფრაზა, მას შემდეგ რაც დასრულდა პროცესი. ექსპერტიზა ვერ ადგენს თუ ვის მიეკუთვნება ეს ფრაზა. ასევე, არც სათვალთვალო კამერის ჩანაწერებში არ ჩანს ნიკა მელია, როდესაც სასამართლო დარბაზიდან გაჰყავთ. ასევე, საქმეში არის რამდენიმე მოწმის ჩვენება, რომლებიც აცხადებენ, რომ აღნიშნული ფრაზა ნიკა მელია, სასამართლო დარბაზიდან გასვლის დროს წარმოთქვა. გამოსაკითხ პირთა სიაში არიან სხდომის მდივანი, მანდატურები და უსაფრთხოების თანამშრომლები“, - განაცხადა გიორგი კონდახაშვილმა.
ნიკა მელიას ახალი ბრალდება რამდენიმე კვირის წინ წარუდგინეს. მელიას ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლის, თორნიკე ქოჩქიანის შეურაცხყოფას ედავებიან. ქოჩქიანი 2025 წლის ნოემბერში ნიკა მელიას ადმინისტრაციულ საქმეს განიხილავდა. მან ლისის ტბის ასახვევთან დაკავებისას პოლიციელის შეურაცხყოფის საბაბით მელია 5 000 ლარით დააჯარიმა.