სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი - ვლადიმერ ვარძელაშვილი, მოადგილეებთან - დავით ნამგალაურთან და გიორგი გალდავასთან ერთად, თბილისში ორდღიანი სამუშაო ვიზიტით ჩამოსულ ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტს - ბულგარელ სილვიო დანაილოვს სამინისტროშიშეხვდა.
სილვიო დანაილოვი თბილისში გასამართი ევროპის ქალთა საჭადრაკო ჩემპიონატისათვის მზადების პროცესის დასათვალიერებლად იმყოფება.
მინისტრთან შეხვედრას ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი - გიორგი გიორგაძე და ცნობილი ქართველი მოჭადრაკე - ზურაბ აზმაიფარაშვილიც ესწრებოდნენ.
თბილისში მოჭადრაკე ქალთა ევროპის 2011 წლის ინდივიდუალური ჩემპიონატის ჩატარება მაისის თვეშია დაგეგმილი. ევროპის ჩემპიონატზე ევროპის 40 ქვეყნის 200-მდე მონაწილე ჩაერთვება. საბოლოო ოფიციალურ გადაწყვეტილებას ევროპის საჭადრაკო კავშირი ქართულ მხარესთან მოლაპარაკებების შემდეგ, მომავალ კვირას მიიღებს.
"ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია. რამდენიმე დღეში უნდა გადაწყდეს ჩატარდება თუ არა თბილისში ქალ მოჭადრაკეთა ევროპის ჩემპიონატი. ჩვენ გვაქვს მსგავსი ტურნირების მასპინძლობის გამოცდილება. ბათუმში ასაკობრივი ჩემპიონატი გაიმართა, ამიტომ შეგვიძლია რომ ევროპის პირველობას უმაღლეს დონეზე ვუმასპინძლოთ. თბილისში 40 ქვეყნის მოჭადრაკეები ჩამოვლენ, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. საქართველოს სახელით კი 15-მდე მოჭადრაკე გამოვა, ეს კი საშუალებას მოგვცემს რამდენიმე ევროპის ჩემპიონიც გვყავდეს. მაისის მიწურულს თბილისში 20-წლამდელ მორაგბეთა მსოფლიოს თასიც ჩატარდება. ასე რომ, ძალიან საინტერესო და სპორტული ღონისძიებებით დატვირთული პერიოდი გველის", - განაცხადა ვარძელაშვილმა.