გაერთიანებული ოპოზიციის ალიანსი არ არსებობს, არსებობს ერთიანი „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრას ცდილობდა, „ნაცმოძრაობა“, როგორც იდეოლოგია არის პატრონყმობა და უცხო ჯგუფების ინტერესების გატარება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„გაერთიანებული ოპოზიციის ალიანსი არ არსებობს, არსებობს ერთიანი „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ცდილობდა, ჩვენი საზოგადოებისთვის თვალში ნაცარი შეეყარა, თითქოს ერთიანი აღარ არის და დაშლილია, სხვადასხვა პარტიებია. სინამდვილეში, რასაც ჩვენ ვამბობდით, ყველაფერი ახდა, რომ ეს არის იგივე ხალხი, იგივე სახეები, ვინც საქართველოში რეკეტის, წამების, ტელევიზიების ტერორის და მიტაცების სისტემა შექმნა. ეს ადამიანები სცენაზე სხედან. იმ თაობას, რომელსაც არ ახსოვს ეს დიქტატორული რეჟიმი, ახლა შეუძლიათ, ნახონ, რადგან ერთ მენიუში ერთად წარმოდგენილი არიან მცირე დიქტატორები მიხეილ სააკაშვილის დიდი დიქტატორის ხელმძღვანელობით. ასე რომ, „ნაციონალური მოძრაობა“ ერთიანია, საქართველო ისევ იგივე პასუხს გასცემს იმ პოლიტიკურ ძალას, რომელმაც ეს ქვეყანა მიიყვანა დემოკრატიულ კრახამდე, ეკონომიკურ სტაგნაციამდე და ომამდე. „ნაცობა“, როგორც იდეოლოგია, არ ეფუძნება ინდივიდებს. ეს არის მთავარი სირთულე, რადგან ეს არის კოლექტიური აზომვების ჯგუფი, რომლის მთავარი ამოსავალი წერტილია სხვისი, სხვა ქვეყნის მსახურება და მათი მოსაწონის გაკეთება. იმ სცენაზე ინდივიდები არ არიან, ისინი არიან კოლექტიური „ნაცები“, რომელთა მთავარი იდეოლოგია ეს არის. ყველა მათი განცხადება რა არის? – „ნაციონალური მოძრაობა“ შეიკრიბა და პირველი გადაწყვეტილება რაც მიიღეს, არის ის, რომ ამერიკაში წავიდნენ. პირველი გადაწყვტილებაა – როგორ წავიდნენ ამერიკაში და ვის ელაპარაკონ. ეს არის მათი ფილოსოფია – რაც იყვნენ ხელისუფლებაში ყოფნისას და ახლა ოპოზიციაში. ერთი ფილოსოფია აქვთ – პატრონი ნახონ, რომელიც მათ ხელისუფლებაში დასვამს და ხელისუფლებას შეუნარჩუნებს. ეს არის პატრონყმური ფილოსოფიისა და მსოფლმხედველობის მქონე გაერთიანება. ასე, რომ „ნაცმოძრაობა“, როგორც იდეოლოგია არის პატრონყმობა და უცხო ჯგუფების ინტერესების გატარება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.