აბუ დაბიში 4-5 თებერვალს გამართული მოლაპარაკებების რაუნდი ფოკუსირებული იყო ცეცხლის შეწყვეტის მექანიზმებზე, თუმცა მხარეებმა დეტალებზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა.
ზელენსკის თქმით, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დელეგაციებს შორის ბოლო მოლაპარაკებები ცეცხლის შეწყვეტის მექანიზმებსა და აშშ-ის მონიტორინგის მეთოდებზე იყო ორიენტირებული. თუმცა, მომლაპარაკებელი ჯგუფები ვერ შეთანხმდნენ დეტალებზე უმაღლეს დონეზე პოლიტიკური გადაწყვეტილებების გარეშე.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების დროს გაირკვა, რომ ნებისმიერი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მოითხოვდა მონიტორინგს შეერთებული შტატების მონაწილეობით, თუმცა დეტალები ჯერ არ არის შემუშავებული.
„რუსებს ერთი ფორმულირება აქვთ, ჩვენ - მეორე, ამერიკელებს კი - მესამე. არსებობს შეთანხმება, რომ მონიტორინგი განხორციელდება, მაგრამ ასევე არსებობს შეთანხმება, რომ ფორმულირებები და დეტალები დახვეწას საჭიროებს“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკიმ იმედი გამოთქვა, რომ უკრაინა და შეერთებული შტატები მომავალ კვირას დაგეგმილი მოლაპარაკებების ახალ რაუნდზე შეთანხმებას მიაღწევენ.
„ჩვენ ახლა ასევე განვიხილავთ ჩვენი ყველა ქმედების თანმიმდევრობის გეგმას, მათ შორის დოკუმენტების ხელმოწერას“, - დასძინა მან.
შეგახსენებთ, ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი 17 ან 18 თებერვალს აშშ-შია დაგეგმილი, თუმცა რუსეთი ჯერ არ დათანხმებულა.