საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ საჭიროა ევროპასა და კრემლს შორის პირდაპირი დიალოგის აღდგენა.
„რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ურთიერთობა კარგად ორგანიზებული უნდა იყოს და ვიწრო ფორმატში უნდა წარიმართოს“, - განუცხადა მაკრონმა ევროპულ გამოცემებს.
ამავდროულად, მაკრონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საწყისმა „ტექნიკურმა“ კონტაქტებმა დაადასტურა, რომ რუსეთს არ სურს უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულება.
მან დაადასტურა, რომ თებერვლის დასაწყისში თავისი დიპლომატიური მრჩეველი მოსკოვში გაგზავნა რუსეთის ხელმძღვანელობასთან პირდაპირი კონტაქტებისთვის მოსამზადებლად.
„რა მივაღწიე? დადასტურებას იმისა, რომ რუსეთს ამჟამად მშვიდობა არ სურს. მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, ჩვენ აღვადგინეთ დისკუსიის ეს არხები ტექნიკურ დონეზე“, - თქვა მან.
მაკრონმა განაცხადა, რომ ახლა გეგმავს ამ გამოცდილების გაზიარებას ევროპელ პარტნიორებთან, რათა შექმნას „კარგად ორგანიზებული ევროპული მიდგომა“ კრემლთან დიალოგისთვის, რომელიც უნდა წარიმართოს „ძალიან ბევრი თანამოსაუბრუს გარეშე, განსაზღვრული მანდატითა და მარტივი წარმომადგენლობით“.
საფრანგეთის ლიდერი ასევე შეერთებული შტატებისთვის რუსეთთან მოლაპარაკებების წარმოების გადაცემის წინააღმდეგია.
ის დარწმუნებულია, რომ მიუღებელია ამერიკელი წარმომადგენლებისთვის ევროპის სახელით მოლაპარაკებების წარმოება ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების თარიღთან დაკავშირებით.
„ჩვენი გეოგრაფია არ შეიცვლება. მოგვწონს ეს თუ არა, რუსეთი ხვალ ისევ იქ იქნება. და ის ჩვენს კართანაა“, - თქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა. უკრაინაში მშვიდობის მიღწევის შემდეგ, ევროპელებს „ევროპაში რუსეთთან ერთად ახალი უსაფრთხოების არქიტექტურის შექმნა მოუწევთ“,- დასძინა მან.