ევროკავშირი ამზადებს ვარიანტებს სამშვიდობო შეთანხმებისთვის, რომელიც უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს მოიცავს ამის შესახებ Bloomberg იუწყება.
აღნიშნულია, რომ განიხილება კიევისთვის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული წინასწარი დაცვის მექანიზმების უზრუნველყოფის, ასევე წევრობის გარკვეულ უფლებებზე დაუყოვნებლივი წვდომის შესახებ ვარიანტები.
წყაროების ცნობით, ევროკავშირი უკრაინას მიაწვდის მკაფიო გრაფიკს იმ ნაბიჯების შესახებ, რომლებიც მან უნდა გადადგას ოფიციალური გაწევრიანების პროცესის წინსვლისთვის.
წყაროებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ ასევე განიხილება უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ამჟამინდელი გზის გაგრძელება ან გარდამავალი პერიოდის შემოღება და ეტაპობრივი წევრობა.
ევროკომისიის წარმომადგენელმა ჟურნალისტებს დაუდასტურა, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება სამომავლო სამშვიდობო შეთანხმების განხილვის ნაწილია.
სააგენტო აღნიშნავს, რომ 20-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის პროექტი, რომელზეც უკრაინა, ძირითადად, შეერთებულ შტატებთან ერთად მუშაობდა, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას 2027 წელს ითვალისწინებს.
გარდა ამისა, გეგმის თანახმად, კიევმა შუალედურ პერიოდში ბლოკში წევრობის გარკვეული პრივილეგიები უნდა მიიღოს.
ცნობისთვის, მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლებელია „დაჩქარებული სცენარის“ პირობებში, რაც გულისხმობს ზოგიერთი ამოცანის შესრულებას გაწევრიანების შემდეგ. ამასთან, გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ 2027 წელს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შეუძლებელია.