აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა „ბირთვული ენერგიის მშვიდობიანი გამოყენების სფეროში თანამშრომლობის შესახებ ერთობლივ განცხადებას“ ხელი მოაწერეს
„ეს შეთანხმება გახსნის ახალ თავს სომხეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ენერგეტიკული პარტნიორობის გაღრმავებაში და ხელს შეუწყობს სომხეთის ენერგეტიკული რესურსების დივერსიფიკაციას უსაფრთხო და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის გზით. ასევე, მადლიერება გამოვხატე შეერთებული შტატების მიერ სომხეთისთვის ბირთვული უსაფრთხოების სფეროში გაწეული დიდი ხნის მხარდაჭერისთვის და მზადყოფნა გამოვთქვი, კიდევ უფრო განვავითაროთ სექტორული თანამშრომლობა ორივე ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან სფეროებში“, - განაცხადა ფაშინიანმა.
ხელმოწერის ცერემონიას წინ უძღოდა ფაშინიანსა და ვენსს შორის პირისპირ შეხვედრა.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეიდი ვენსი ოფიციალური ვიზიტით სომხეთში 9 თებერვალს ჩავიდა. ერევნის აეროპორტში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარე, ალენ სიმონიანი დახვდა. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი სომხეთში მეუღლესთან და შვილებთან ერთად იმყოფება.