უნგრეთის ოპოზიციურმა პარტია „ტისამ” 240-გვერდიანი საარჩევნო პროგრამა გამოაქვეყნა, რომელიც მდიდარი თანამოქალაქეებისთვის გადასახადის შემოღებას, ევროს ვალუტაზე სრულად გადასვლას და უნგრეთის ევროკავშირსა და ნატოში განმტკიცებას ითვალისწნებს. იუწყება Reuters.
პარტია „ტისას“ პიტერ მაგიარი ხელმძღვანელობს, რომელმაც განაცხადა, რომ მისი პოლიტიკური ძალა კორუფციის წინააღმდეგ იბრძოლებს და ეკონომიკის სტიმულირების მიზნით ევროკავშირის გაყინული სახსრებიდან მილიარდობით ევროს გაალღობს.
პარტიის პლატფორმამ გაიმეორა დაპირებები და დაამატა გეგმები, რომლებიც ითვალისწინებს საშემოსავლო გადასახადების შემცირებას საშუალო ხელფასზე ნაკლები შემოსავლის მქონე პირებისთვის და ყოველწლიური გადასახადის შემოღებას უმდიდრესებისთვის.
„მათთვის, ვისი შემოსავალიც 1 მილიარდ ფორინტს (3.13 მილიონი აშშ დოლარი) აღემატება, ჩვენ შემოვიღებთ ყოველწლიურ სიმდიდრის გადასახადს, რომელიც მათი შემოსავლის ამ ზღვარს ზემოთ არსებული ნაწილის 1%-ს შეადგენს“, - ნათქვამია პროგრამაში.
„ტისამ“ ასევე აიღო ვალდებულება, რომ 2035 წლისთვის უნგრეთის რუსულ ენერგიაზე დამოკიდებულებას დაასრულებს და 2040 წლისთვის განახლებადი ენერგიის წილს გააორმაგებს.
„ჩვენ დაუყოვნებლივ დავიწყებთ ჯანდაცვის, განათლების, სოციალური დაცვის სისტემის, ბავშვთა დაცვის სისტემის და საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეფორმირებას. ჩვენ გადავდგამთ ნაბიჯებს ეკონომიკის აღსადგენად და დავასრულებთ სტაგნაციის წლებს. სასამართლო სისტემას ექნება ერთადერთი მიზანი: შეასრულოს თავისი კანონიერი მოვალეობა. ჩვენ აღვადგენთ უნგრეთის საერთაშორისო სტატუსს. ჩვენ შევქმნით პატივისცემაზე დაფუძნებულ პარტნიორობას და გავაძლიერებთ უნგრეთის სუვერენიტეტს. ახალი მთავრობის საგარეო პოლიტიკა არ იქნება დიდი ძალების წინაშე დამორჩილება, არამედ ფრთხილად შემუშავებული, მტკიცედ წარმოდგენილი ეროვნული ინტერესები“, – განაცხადა მადიარმა.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებით „ტისა“ ვიქტორ ორბანის პარტია „ფიდესს“ 8-16 პროცენტული პუნქტით უსწრებს იმ ამომრჩევლებს შორის, რომლებმაც უკვე მიიღეს გადაწყვეტილება.