ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე 20 პაკეტი წარადგინა. პაკეტი მოიცავს ებერგეტიკას, ფინანსურ და სავაჭრო სფეროებს.
რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მე-20 სანქციების პაკეტი, რუსულ ენერგორესურსების ექსპორტს დარტყმას მიაყენებს, შეზღუდავს ფინანსურ მომსახურებას და სავაჭრო შეზღუდვების ფართო სპექტრს დააწესებს.
სანქციების მე-20 პაკეტი ახლა ევროკავშირის საბჭომ უნდა განიხილოს და დაამტკიცოს, ხოლო მის მხარდაჭერას ევროკავშირის 27-ვე წევრი სახელმწიფოს ერთსულოვანი მხადაჭერა სჭირდება.
„სანქციების ახალი პაკეტი მოიცავს ენერგეტიკას, ფინანსურ მომსახურებას და ვაჭრობას. ენერგეტიკის სექტორში ჩვენ ვაწესებთ რუსული ნედლი ნავთობის ოფშორული მომსახურების სრულ აკრძალვას“, - ნათქვამია განცხადებაში.
მოსალოდნელია, რომ ეს ზომა „რუსეთის ენერგეტიკული შემოსავლების კიდევ უფრო შემცირებას და მისი ნავთობისთვის მყიდველების მოძიებას გაართულებს“.
„ვინაიდან გადაზიდვები გლობალური ბიზნესია, ჩვენ ვთავაზობთ, რომ ეს ყოვლისმომცველი აკრძალვა განხორციელდეს მსგავსი შეხედულებების მქონე პარტნიორებთან კოორდინაციით, G7-ის გადაწყვეტილების შემდეგ. ჩვენ სიას კიდევ 43 გემს ვამატებთ, რომლებიც ჩრდილოვანი ფლოტის ნაწილია, რითაც მათი საერთო რაოდენობა 640-მდე გაიზრდება“, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.
ევროკავშირი ასევე გაართულებს რუსეთისთვის ტანკერების შეძენას მისი ჩრდილოვანი ფლოტისთვის გამოსაყენებლად და დაამატებს აკრძალვებს თხევადი ბუნებრივი აირის ტანკერებისა და ყინულმჭრელი გემებისთვის ტექნიკური მომსახურებისა და სხვა მომსახურების გაწევაზე, რათა კიდევ უფრო დააზიანოს გაზის ექსპორტის პროექტები.
„ეს ავსებს ჩვენს მიერ მე-19 პაკეტსა და RepowerEU რეგულაციაში შეთანხმებულ აკრძალვას თხევადი აირის იმპორტზე“, - ნათქვამია განცხადებაში.
მეორე ზომა რუსეთის საბანკო სისტემისა და მისი ეკონომიკური საქმიანობის დასაფინანსებლად ალტერნატიული გადახდის არხების შექმნის შესაძლებლობის შეზღუდვაა.
„ჩვენ სიას კიდევ 20 რუსულ რეგიონულ ბანკს ვამატებთ და მივიღებთ ზომებს კრიპტოვალუტების, კომპანიებს, რომლებიც [კროპტოვალიტებით] ვაჭრობენ და კრიპტოვალუტით ვაჭრობის ხელშემწყობი პლატფორმების წინააღმდეგ, რათა სანქციების გვერდის ავლის საშუალება არ მივცეთ“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, სანქციები ასევე ეხება მესამე ქვეყნების რამდენიმე ბანკს, რომლებიც მონაწილეობენ სანქცირებული საქონლის უკანონო ვაჭრობის ხელშეწყობაში.
მესამე ზომა მოიცავს საქონლისა და მომსახურების ახალ აკრძალვებს - რეზინიდან ტრაქტორებამდე და კიბერუსაფრთხოების სერვისებამდე - რომელთა ღირებულება 360 მილიონ ევროს აღემატება.
„ჩვენ ასევე ვაწესებთ ახალ აკრძალვებს ლითონების, ქიმიკატებისა და კრიტიკულად მნიშვნელოვანი მინერალების იმპორტზე, რომლებიც უკვე არ ექვემდებარებიან სანქციებს და რომელთა ღირებულება 570 მილიონ ევროს აჭარბებს.
და ჩვენ ვაწესებთ დამატებით ექსპორტზე შეზღუდვებს რუსეთის სამხედრო ძალისხმევაში გამოყენებულ ნივთებსა და ტექნოლოგიებზე, როგორიცაა ასაფეთქებელი ნივთიერებების დასამზადებლად გამოყენებული მასალები. ჩვენ ვთავაზობთ ამიაკის კვოტას არსებული იმპორტის შესაზღუდად“, - ნათქვამია განცხადებაში.