უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსი დიქტატორს ვლადიმირ პუტინს „ევროპელების არ ეშინია“ და გააფრთხილა, რომ თუ უკრაინა დაეცემა, ომი გარდაუვლად გავრცელდება ევროკავშირის ქვეყნებზე. ამის შესახებ ზელენსკიმ France 2-თან ინტერვიუში ისაუბრა.
„პუტინს ევროპელების არ ეშინია. ისინი ჩვენი პარტნიორები არიან, ძალიან დაგვეხმარნენ, მაგრამ მას მათი არ ეშინია. რატომ? იმიტომ, რომ ევროპელები ცხოვრობენ საოცარ, უსაფრთხო სამყაროში, რომელიც თავად შექმნეს... ევროპაში ცხოვრება მშვენიერი და სასიამოვნოა. ევროპელებს თითქოს არ სჯერათ, რომ ეს [ომი] შეიძლება მათ ქვეყანაში დაიწყოს. მაგრამ დღეს ეს საკმაოდ ნათელია: თუ უკრაინა პუტინს ვერ შეაჩერებს, ის ევროპაში შეიჭრება. უკრაინის მეზობელი ქვეყნები ხვდებიან, რომ პირველი მსხვერპლი ისინი იქნებიან და რუსეთი კიდევ უფრო შორს წავა. რუსულ დრონებს შეუძლიათ დიდ მანძილზე მოქმედება, ხოლო მათ რაკეტებს შეუზღუდავი მოქმედების რადიუსი აქვთ. ისინი ნებისმიერ ადგილას დარტყმას განახორციელებენ,“ - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ „წმინდა დემოკრატია“, რომელშიც ევროპა ცხოვრებას არის მიჩვეული, პუტინის დამარცხებას ვერ ახერხებს, რადგან ის ომის არცერთ წესს არ იცავს.
პრეზიდენტმა ასევე გააკრიტიკა ზოგიერთი ევროპული ქვეყნის პოზიცია, რომლებიც უკრაინაში ომს „სხვის პრობლემად“ მიიჩნევენ.
მისი თქმით, როდესაც ლიდერები უარს ამბობენ შეიარაღებაზე ხარჯების გაზრდაზე ენერგომატარებლების ფასების ზრდის ან შიდა პრობლემების გამო, მათ უბრალოდ „არ სურთ აღიარონ ყველა ის რისკი“, რომელიც დღეს არსებობს.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ქვეყნები, რომლებსაც საფრთხის ესმით, უკრაინას ეხმარებიან, ზოგი კი უბრალოდ ცდილობს თავი დაიცვას რეალობისგან.
ზელენსკის თქმით, პუტინს მხოლოდ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ეშინია, რადგან მას რეალური გავლენის ბერკეტები აქვს ეკონომიკისა და იარაღის მეშვეობით.
„პუტინს მხოლოდ ტრამპის ეშინია. ეს არის რეალობა. პრეზიდენტმა ტრამპმა იცის, რომ მას აქვს ზეწოლის საშუალებები ეკონომიკის, სანქციებისა და იარაღის მეშვეობით. მას შეუძლია ჩვენ იარაღი გადმოგვცეს, თუ არ სურს ამერიკული სამხედროების პირდაპირ ჩართვა. ჩვენი სამხედროების მეშვეობით მას შეუძლია პუტინზე ზეწოლის შენარჩუნება; ეს ყველაფერი შესაძლებელია,“ - აღნიშნა ზელენსკიმ.