ვლადიმირ პუტინს მხოლოდ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ეშინია. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ France 2-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ეს რეალობაა. რა უნდა უთხრას ტრამპმა პუტინს, ჩემი გადასაწყვეტი არ არის.
თუ ტრამპმა იცის, რომ პუტინს მისი ეშინია, ის რუსეთის პრეზიდენტის ყველა პირობას არ მიიღებს. სწორედ პუტინს ეშინია ტრამპის და არა პირიქით.
აშშ-ის პრეზიდენტმა იცის, რომ მას აქვს გავლენის ბერკეტები: ეკონომიკა, სანქციები და იარაღი, რომელიც შეუძლია გადმოგვცეს, თუ არ მოისურვებს ამერიკული სამხედროების ჩართვას“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, ნიშნავდა თუ არა ეს იმას, რომ პუტინს საერთოდ არ ეშინოდა ევროპელების, ზელენსკიმ უპასუხა:
„დიახ, მას ევროპელების არ ეშინია. თქვენ იცით, რამდენად მადლიერები ვართ ევროპელების. ისინი ჩვენი პარტნიორები არიან და ძალიან დაგვეხმარნენ, მაგრამ პუტინს, სამწუხაროდ, მათი არ ეშინია.“