დღეს, აბუ დაბიში უკრაინაში ომის დასრულების მოლაპარაკების მორიგი რაუნდი იწყება.
როგორც გამოცემა Politico წერს, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის საერთო პერსპექტივა მეტნაკლებად ბუნდოვანი რჩება, არსებობს ნიშნები იმისა, რომ ამ კვირის მოლაპარაკებების შედეგებმა შესაძლოა საბოლოოდ უპასუხოს მთავარ კითხვას: სერიოზულად არის თუ არა რუსეთის ლიდერი ვლადიმირ პუტინი მშვიდობის დამყარების საკითხისადმი განწყობილი.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, ზოგიერთი უკრაინული და ამერიკული წყაროს ცნობით, არსებობს ნიშნები, რომ მიმდინარე მოლაპარაკებები შესაძლოა უფრო პერსპექტიული იყოს, ვიდრე ვარაუდობენ.
„ადრე ეს მოლაპარაკებები ანესთეზიის გარეშე კბილების ამოღებას ჰგავდა. ყვირილი მინდოდა, როდესაც კიდევ ერთ რეპორტაჟს ვნახე, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ მოლაპარაკებები „კონსტრუქციული“ იყო. მაგრამ ახლა ვამჩნევ, რომ რუსები ამ მოლაპარაკებებს უფრო სერიოზულად უყურებენ“, - განაცხადა ამერიკელმა საგარეო პოლიტიკის ექსპერტმა, რომელიც კიევს კონსულტანტია.
მან ასევე გამოთქვა ფრთხილი ოპტიმიზმი, რომ „არსებობს გონივრული შანსი, რომ ეს კონფლიქტი გაზაფხულზე დასრულდეს“.
გამოცემისთვის მიცემულ კომენტარში უკრაინელი წყარო ნაკლებად ოპტიმისტურად იყო განწყობილი, თუმცა ისიც დაეთანხმა, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან რუსული მხარის განწყობა და ტონი შეიცვალა.
რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს უფროსი, იგორ კოსტიუკოვი და სამხედრო დაზვერვის ოფიცერი, ალექსანდრ ზორინი, მან პრაქტიკულ ადამიანებად მოიხსენია და თქვა, რომ არცერთი მათგანი არ იყო მიდრეკილი კონფლიქტის „ძირითად მიზეზებზე“ გრძელი ლექციების წასაკითხად - ლავროვისა და პუტინისგან განსხვავებით.
„რუსი დაზვერვის ოფიცრები პროფესიონალურად მუშაობდნენ და პრაქტიკულ დეტალებსაც კი ჩაუღრმავდნენ“, - აღნიშნა მან.
ოფიციალური პირი ვარაუდობს, რომ ეს ცვლილება შესაძლოა გამოწვეული იყოს კრემლის შეხედულებით, რომ ევროპა სულ უფრო სერიოზულად უდგება კონტინენტურ თავდაცვას, ზრდის იარაღის წარმოებას და ცდილობს, საერთო უსაფრთხოების თვალსაზრისით ნაკლებად იყოს დამოკიდებული შეერთებულ შტატებზე.
„სამშვიდობო შეთანხმებამ, ომის დასრულებამ, შესაძლოა მნიშვნელოვნად შეასუსტოს ეს იმპულსი - ევროპელ ლიდერებს გაცილებით გაუჭირდებათ ამომრჩევლების დარწმუნება იმ მსხვერპლის გაღებაში, რომელიც თავდაცვის ხარჯების გაზრდისკენ გადასასვლელად იქნება საჭირო,“ - განაცხადა უკრაინელმა ოფიციალურმა პირმა.