აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „დროა, ამედრიკელებმა თავი დაანებონ“ სექსუალური დამნაშავე ჯეფრი ეპშტეინის საქმეს და უარი თქვა დაზარალებულების საჩივრებთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხის გაცემაზე. ამის შესახებ CNN იუწყება.
„ვფიქრობ, ნამდვილად დროა, ქვეყანა სხვა რამეზე გადაერთოს. ახლა, როდესაც ჩემ შესახებ არაფერი გამომჟღავნდა, გარდა იმისა, რომ ეს ფაქტობრივად, ეპშტეინის და სხვა ადამიანების მიერ ჩემს წინააღმდეგ შეთქმულება იყო, ვფიქრობ, დროა, ქვეყანა სხვა რამეზე გადაერთოს,“ - განაცხადა ტრამპმა.
CNN აღნიშნავს, რომ ტრამპმა უარი თქვა ეპშტეინის საქმეში დაზარალებულთა საჩივრებზე კომენტარის გაკეთებაზე.
გამოცემის ცნობით, მან ასევე არაფერი თქვა იმის შესახებ, რომ ფაილებში ნახსენები იყვნენ მისი მოკავშირეები, როგორიცაა მასკი და ვაჭრობის მდივანი ჰოვარდ ლუტნიკი.
„დარწმუნებული ვარ, რომ მათ ყველაფერი კარგად აქვთ, თორემ ეს მთავარი სიახლე იქნებოდა,“ - აღნიშნა ტრამპმა.
ტრამპმა გუშინ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ჯეფრი ეპშტეინის საქმის მასალების გამოქვეყნების შემდეგ იუსტიციის დეპარტამენტმა სხვა საკითხებზე უნდა გაამახვილოს ყურადღება. ტრამპმა ასევე უარყო, რომ „ეპშტეინის ბინძურ კუნძულზე“ იმყოფებოდა.
ცნობისათვის, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონი და მისი მეუღლე, ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი, დათანხმდნენ წარმომადგენელთა პალატის მიერ ჯეფრი ეპშტეინის საქმეზე წარმომადგენლობითი პალატის მიერ წარმოებულ გამოძიებაზე ჩვენების მიცემას.
ცნობისათვის, Wall Street Journal-მა გასულ წელს გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის თანახმად, 22 წლის წინ ტრამპი იყო ეპშტეინის იმ „მეგობრებს” შორის, რომლებმაც 50 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ალბომისთვის უხამსი მილოცვები დაუწერეს. გამოცემის აღწერით, ეპშტეინისადმი ტრამპის სავარაუდო წერილი წარმოადგენს ქალის შიშველი სხეულის გამოსახულებაზე დაბეჭდილ ტექსტს, რომელსაც ხელმოწერა აქვს სხეულის ინტიმურ ნაწილზე.
დონალდ ტრამპმა მსგავსი წერილის არსებობა უარყო და თავის სოციალურ ქსელ Truth Social-ში 17 ივლისს დაწერა, რომ მან და თეთრი სახლის პრესმდივანმა ქეროლაინ ლევიტმა WSJ-ის მფლობელი რუპერტ მერდოკი და მთავარი რედაქტორი ემა ტაკერი გააფრთხილეს, ყალბი წერილი არ გამოექვეყნებინათ. ტრამპის თანახმად, მალე სასამართლოში უჩივლებს Wall Street Journal-ს, მის მფლობელ კორპორაცია NewsCorp-ს და კორპორაციის მფლობელ მერდოკს.
ამასთან, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტის დემოკრატიული პარტიის წევრებმა გაასაჯაროვეს სექსუალურ სკანდალში მხილებული მილიარდერის, ჯეფრი ეპშტეინის ელექტრონული მიმოწერა, რომელშიც პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რამდენჯერმე არის ნახსენები. მედიის ცნობით, ერთ-ერთ გასაჯაროებულ წერილში, რომელიც 2011 წლით თარიღდება, ეპშტეინი მაქსველს წერს, რომ ტრამპი „მის სახლში საათობით ატარებს დროს“ სექსუალური ტრეფიკინგის მსხვერპლთან ერთად და ტრამპს მოიხსენიებს „ძაღლად, რომელიც არ იყეფება“.
ტრამპი და ეპშტეინი წლების განმავლობაში მეგობრობდნენ, თუმცა, ტრამპის თქმით, 2000-იანი წლების შუა პერიოდში მათ შორის დაპირისპირება მოხდა.
ფინანსისტ ჯეფრი ეპშტეინს სექსუალური ტრეფიკინგისთვის ბრალი 2019 წელს წაუყენეს. ბრალის თანახმად, მან ათობით არასრულწლოვანი გოგო სექსუალურ ტრეფიკინგში ჩართო. ეპშტეინი ციხეში გარდაიცვალა, ოფიციალური ინფორმაციით, მან სიცოცხლე სუიციდით დაასრულა. სექსუალური ტრეფიკინგის ბრალდებით დააკავეს ასევე ეპშტეინის პარტნიორი ქალი გილეინ მაქსველი, რომელსაც 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.