ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე დარწმუნებულია, რომ მოკავშირეები უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ამერიკული იარაღის შესაძენად თანხებს მოიძიებენ.
ამის შესახებ რუტემ კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
შეკითხვაზე, თუ როგორ შეძლებს უკრაინა PURL-ის პროგრამის [„უკრაინის პრიორიტეტული მოთხოვნების სია“] დასაფინანსებლად მოთხოვნილი 15,5 მილიარდი დოლარის მოზიდვას, რომელიც შეერთებული შტატებისგან იარაღის შესაძენად გამოიყენება, რუტემ უპასუხა, რომ ეს თანხები აუცილებლად გამოიყოფა.
„მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ფული იქნება, რადგან ყველამ ვიცით, რამდენად კრიტიკულია ეს“, - თქვა მან.
თუმცა, გენერალურმა მდივანმა აღიარა, რომ ქვეყნებს შორის არათანაბარი დაფინანსების პრობლემა ამაზე უარყოფით გავლენას ახდენს: „ამჟამად, მოკავშირეების ორი მესამედი მონაწილეობს PURL პროგრამაში, მაგრამ ფინანსური ტვირთის გაზიარების პრობლემა ნამდვილად არსებობს“. - განაცხადა რუტემ.
მისი თქმით, სიტუაცია, როდესაც ზოგიერთი ქვეყანა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ამერიკული იარაღის შეძენაში ეხმარება, ზოგი კი არა, არანორმალურია.
„ახლა არსებობენ ცალკეული ქვეყნები, რომლებიც ბევრს აკეთებენ, ბევრი აკეთებს რაღაცას და უფრო მცირე ნაწილი არაფერს აკეთებს. მაგრამ მართლაც, საჭიროა დაფინანსების უკეთესი განაწილება და ჩვენ ამაზე ვმუშაობთ“, - დასძინა გენერალურმა მდივანმა.
მან ასევე აღნიშნა ცალკეული ერები, რომლებსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ PURL-ის შესყიდვებში - ესენი არიან კანადელები, ნორვეგიელები, გერმანელები, ასევე შვედები და ბალტიელები.