მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 7 აპრილს ერევანში ლგბტ პირაიდის ჩატარება დაამტკიცა, სიმართლეს არ შეესაბამება. აღნიშნული განცხადება სომხეთის მთავრობის პრესმდივანმა, ნაზელი ბაღდასარიანმა გააკეთა.
„გავრცელებულ მასალას უცხოური ინფორმაციული მანიპულირებისა და ჩარევის (FIMI) ტიპური მახასიათებლები აქვს და ჰიბრიდული გავლენის კამპანიების კომპონენტია. პუბლიკაციის ავტორმა, ოკაი დეპრემმა, ადრე არაერთხელ გაავრცელა ცრუ და მანიპულაციური ინფორმაცია სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო ინსტიტუტების შესახებ, რაც დოკუმენტირებულია როგორც სომხური, ასევე საერთაშორისო ექსპერტული წრეების მიერ“, - აღნიშნა ბაღდასარიანმა.
მისი თქმით, ასეთი პუბლიკაციების მიზანია საზოგადოების პოლარიზაცია და სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობის შესუსტება საარჩევნო პროცესის წინა პერიოდში.
ნაზელი ბაღდასარიანმა გააზიარა სკრინშოტი CGTN Turk-ის (ჩინეთის საერთაშორისო სატელევიზიო ქსელის თურქულენოვანი პლატფორმა) და აზერბაიჯანული Haqqin.az-ის ვებგვერდიდან.
CGTN-ის სტატიაში ავტორი ოკაი დეპრემი აღნიშნავს, რომ „ერთ-ერთი მეზობელი ქვეყანა, სადაც ლგბტ ადამიანებმა ბოლო წლებში სწრაფად დაიწყეს ორგანიზება, იისნი თავდაპირველად ცდილობდნენ საკუთარი თავის ლეგალიზაციას და შემდეგ ქუჩაში გასვლისთვის ემზადებოდნენ, არის სომხეთი".
"ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლგბტ მოძრაობა მრავალი წლის შემდეგ ქვეყანაში ახალ მსვლელობას, ახალ აქციას გეგმავს. ამბობენ კიდეც, რომ მოძრაობა, რომელიც დასავლეთში წარმოიშვა და ამას დიდი ხანია გეგმავდა, თავის პირველ „სიყვარულის აღლუმს“ დედაქალაქ ერევანში, ტამანიანის გამზირზე, ქალაქის ერთ-ერთ მთავარ ქუჩაზე გამართავს. უფრო მეტიც, გავრცელებული ხმებით თანახმად, პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანიც ღიაა მოძრაობის ლეგალიზაციისა და საჯარო სივრცეში გამოტანის მიმართ, რათა კიდევ ერთი „პლუსი“ მიიღოს მისთვის ასე საყვარელი დასავლური სამყაროსგან: ეს ღონისძიება 7 აპრილს არის დაგეგმილი - იმ დღეს, როდესაც სომხები ტრადიციულად დედისა და სილამაზის დღეს აღნიშნავენ“, - ნათქვამი იყო სტატიაში