უკრაინასა და მოლდოვაში ელექტროგადამცემ ხაზებზე დაფიქსირებული ტექნიკური პრობლემების გამო ელექტროენერგია გაითიშა.
მედიის ინფორმაციით, ქსელში საგანგებო სიტუაციის გამო კიევის წყალმომარაგება შეწყდა და მეტროს მუშაობა შეჩერდა, მოლდოვას დედაქალაქ კიშინიოვის უმეტესი ნაწილი კი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
მოლდოვის ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, 400კვ-იანი Isaccea-Vulcăneşti-MGRES-ის მაღალი ძაბვის ხაზზე ძაბვა დაეცა, რის შედეგადაც ელექტროსისტემა დაზიანდა და გაითიშა.
მოლდოვის ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, გადამცემი სისტემის ოპერატორი Moldelectrica სიტუაციის მოსაგვარებლად მუშაობს და ზოგიერთ თემს ელექტროენერგია უკვე აღუდგა.
მოლდოვური მედიის ინფორმაციით, მომხდარმა ინციდენტმა დედაქალაქი კიშინეუ და მისი გარეუბნები, ასევე ტარაკლია, კაჰული და ანენი-ნოი დააზარალა.
უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა დენის შმიჰალმა განაცხადა, რომ უკრაინის ელექტროგადამცემ ქსელში „ტექნიკური გაუმართაობა“ მოხდა.
„ამჟამად, დედაქალაქ კიევში, კიევის, ჟიტომირის და ხარკოვის ოლქებში დისპეტჩერმა საგანგებო გათიშვის სპეციალური გრაფიკები დააწესა. „უკრენერგოს“ ენერგეტიკოსები ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენაზე მუშაობენ. ელექტროენერგიის მიწოდება უახლოეს საათებში აღდგება“, - განაცხადა შმიჰალმა.
ამასთან, მოლდოვის საბაჟო ორგანოების ცენტრალური მონაცემთა ბაზების გაუმართაობის შედეგად, უკრაინასა და მოლდოვას შორის სატრანსპორტო საშუალებებისთვის საზღვარი დროებით ჩაკეტილია.
გავრცელებული ცნობით, აღნიშნული უკრაინასა და მოლდოვაში ელექტროგადამცემ ხაზებზე დაფიქსირებული ტექნიკური პრობლემების გამო ელექტროენერგიის გათიშვას მოჰყვა.
შექმნილ სიტუაციას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ უკრაინის ენერგოსისტემის დონეზე რეაგირების ყველა საჭირო ზომა მიიღეს.
„პრემიერ-მინისტრმა იულია სვირიდენკომ და ენერგეტიკის მინისტრმა დენის შმიგალმა ისაუბრეს უკრაინის ენერგოსისტემაში შექმნილი საგანგებო სიტუაციის შესახებ, რომელიც გამოწვეულია ჩვენი და მოლდოვას ელექტროგადამცემ ხაზებზე ტექნიკური პრობლემებით. უკრაინის ენერგოსისტემის დონეზე მიღებულია ყველა საჭირო რეაგირების ზომა და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. ახლა ამოცანაა სიტუაციის რაც შეიძლება სწრაფად სტაბილიზაცია“, - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.