რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის სპეციალური წარმომადგენელი, კირილ დმიტრიევი, შაბათს, 31 იანვარს ფლორიდაში, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გუნდის წარმომადგენლებს შეხვდება, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში მოსალოდნელ მოლაპარაკებების რაუნდამდე.
ამის შესახებ Reuters წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
ორმა ინფორმირებულმა წყარომ სააგენტოს განუცხადა, რომ დმიტრიევი მაიამიში 31 იანვარს ჩავა „ტრამპის ადმინისტრაციის წევრებთან“ შეხვედრებისთვის.
ამერიკელი წარმომადგენლების სახელები არ სახელდება. დიდი ალბათობით, ესენი არიან სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი.
მანამდე, სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ისინი პირადად არ დაესწრებიან რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდს, თუმცა აშშ-ის მონაწილეობა „სავარაუდოა“.
30 იანვარს დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების მოლაპარაკებებში წარმატების შანსს ხედავს.