საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც 15 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალური მედიის გამოყენებას კრძალავს. კერძოდ, კანონპროექტს 130-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 21-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა.
კანონპროექტს ახლა საფრანგეთის სენატმა უნდა უყაროს კენჭი.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მოუწოდა პარლამენტს, რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს სოციალური მედიის შესახებ კანონპროექტი, რათა ის ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე ამოქმედდეს.
„ჩვენი შვილების ტვინი არ იყიდება არც ამერიკული პლატფორმებისთვის, არც ჩინური ქსელებისთვის. მათი ოცნებები არ შეიძლება იყოს ნაკარნახევი ალგორითმებით. ჩვენ არ გვინდა თაობა, რომელიც შფოთავს, არამედ თაობა, რომელსაც სჯერა საფრანგეთის რესპუბლიკის და მისი ღირებულებების“, – წერს საფრანგეთის პრეზიდენტი.
კანონპროექტი პარტია „რენესანსის“ წევრმა, ლორ მილერმა წარადგინა. ინიცირებული კანონპროექტი ონლაინ პლატფორმებს 15 წლამდე ასაკის არასრულწლოვნებისთვის „სოციალური მედიის ნებისმიერი სერვისის“ მიწოდებას აუკრძალავს.