ორშაბათს, 26 იანვარს, საფრანგეთის ეროვნული ასამბლეა დაჩქარებულ რეჟიმში განიხილავს კანონპროექტს, რომელიც 15 წლამდე ასაკის პირებისთვის სოციალური მედიის გამოყენებას კრძალავს. ამის შესახებ გამოცემა Le Monde იუწყება.
პარტია „აღორძინების“ წევრის, ლორ მილერის მიერ ინიცირებული კანონპროექტი ონლაინ პლატფორმებს 15 წლამდე ასაკის არასრულწლოვნებისთვის „სოციალური მედიის ნებისმიერი სერვისის“ მიწოდებას აუკრძალავს.
გარდა ამისა, ის ასევე კრძალავს მობილური ტელეფონების გამოყენებას სკოლებში.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მოუწოდა პარლამენტს, რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს სოციალური მედიის შესახებ კანონპროექტი, რათა ის ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე ამოქმედდეს.
უნდა აღინიშნოს, რომ დიდი ბრიტანეთი ასევე განიხილავს 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალური ქსელების გამოყენების აკრძალვას.
ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახალგაზრდებისთვის სოციალურ მედიაზე წვდომის მკაცრი შეზღუდვების შემოღებას დანიაც გეგმავს.