უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ბელარუსი კვლავ იძულებულია იარსებოს რუსეთის გუბერნიად, სადაც ალექსანდრ ლუკაშენკას ძაღლსაც კი მეტი უფლებები აქვს, ვიდრე ხალხს.
ამის შესახებ ზელენსკიმ ლიეტუვაში იანვრის აჯანყების წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსლისას განაცხადა.
„სამწუხაროდ, ლუკაშენკას თეთრ შპიცს ბელარუსის მოსახლეობაზე მეტი უფლებები გააჩნია. 2020 წელს იყო შანსი, რომ ეს შეცვლილიყო და დარწმუნებული ვარ, კიდევ ერთი შანსი გაჩნდება. მაგრამ მაშინ ბელარუსებს უბრალოდ არ ჰქონდათ საკმარისი მხარდაჭერა და ახლა ყველანი ვგრძნობთ, თუ რამდენად უფრო რთული, ძვირი და საშიში გახდა ყველაფერი ყველასთვის ბელარუსის მოსკოვზე დამოკიდებულების გამო. დამოკიდებულება, რომელიც არაფრით მცირდება“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, რეაქტიული „შაჰედის“ დრონების რუსი ოპერატორები უკრაინის წინააღმდეგ ბელარუსის ტერიტორიიდან მოქმედებენ.
„რუსეთი ბელარუსს იყენებს, როგორც პლატფორმას ევროპისა და მსოფლიოს „ორეშნიკის“ იარაღით შანტაჟისთვის. ბელარუსის ინდუსტრია რუსეთის ომისთვის მუშაობს და ბელარუსული სავაჭრო კავშირები პუტინს ეხმარება შეიძინოს კომპონენტები, რომლებიც საჭიროა ევროპაში ჩვენს წინააღმდეგ საშიშროების შესაქმნელად”, - აღნიშნა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ „მნიშვნელოვანია, რომ ევროპამ არ დაკარგოს არცერთი ერი, რომლებიც თავისუფლებით ცხოვრობენ და კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ევროპამ დრო არ დაკარგოს.
„და მინდა კონკრეტულად ბელარუსი ხალხისთვის ვთქვა. თქვენ ხართ ევროპელი ერი, რომელიც გაერთიანებულ, თავისუფალ ევროპაში ყველა ჩვენს ერთან ერთად იდგება. მშვიდობიანი ევროპა. ძლიერი ევროპა. თქვენი წაშლა შეუძლებელია. ჩვენი ყველას წაშლა შეუძლებელია. მადლობას ვუხდი ყველა ბელარუს მოხალისეს, რომლებიც იბრძვიან ჩვენი დამოუკიდებლობისთვის უკრაინაში და მათი ქვეყნისთვის ისტორიული შესაძლებლობისთვის“, - განაცხადა ზელენსკიმ.