ირანის უზენაესი ლიდერი ალი ხამენეი აშშ-ის შესაძლო თავდასხმის წინ მიწისქვეშა ბუნკერში იმალებოდა, - ამის შესახებ The Times of Israel-ი ოპოზიციურ გამოცემა Iran International-ზე დაყრდნობით იუწყება.
გამოცემის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ხამენეიმ მიწისქვეშ სამალავში მას შემდეგ გადავიდა, რაც მაღალჩინოსნებმა შეაფასეს „აშშ-ს პოტენციური თავდასხმის გაზრდილი რისკი“, ვონაიდან შეერთებულ შტატებს რეგიონში მნიშვნელოვან სამხედრო ძალებს გადაჰყავს.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ აიათოლა ხამენეი ოჯახთან ერთად ბუნკერში გადაიყვანეს და მას ელიტური დანაყოფი იცავს.
ოპოზიციის თქმით, ვიდრე ხამენეი იმალება, მისმა მესამე ვაჟმა, მასუდ ხამენეიმ, მამის ოფისის ყოველდღიური მართვა თავის თავზე აიღო და მთავრობის ლიდერებთან „კომუნიკაციის მთავარი არხის“ ფუნქციას ასრულებს.
ინფორმაციაში დაზუსტებულია, რომ უზენაესი ლიდერის ბუნკერი გამაგრებულია და შეიცავს ურთიერთდაკავშირებული გვირაბების სისტემას.
ბრიტანული გამოცემა International Business Times-ის ცნობით, დაზვერვის წყაროების თანახმად, ხამენეის საიდუმლო, ძლიერ გამაგრებული სამალავი თეირანის ლავისანის რაიონში მდებარეობს.
ეს ზესაიდუმლო ბაზა მიწისქვეშ, სულ მცირე, 90-100 მეტრის სიღრმეში მდებარეობს და ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებით არის დაცული. მიიჩნევა, რომ ბუნკერი უფრო უსაფრთხოა, ვიდრე ფორდოს მიწისქვეშა ბირთვული ობიექტი, რომელზეც ივნისში აშშ-ის B-2 ტიპის ბომბდამშენებმა თავდასხმა განახორციელეს.