ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა 23-24 იანვარს არაბთა გაერთიანებულ საემიროებში უკრაინასა და რუსეთს შორის გამართულ მოლაპარაკებებს პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და კრემლის ლიდერ ვლადიმირ პუტინს შორის შესაძლო შეხვედრისკენ გადადგმული „ნაბიჯი“ უწოდეს. ამის შესახებ Axios იუწყება.
შეხვედრების მიმდინარეობასთან ინფორმირებული აშშ-ის ოფიციალური პირების თქმით, აბუ-დაბიში აშშ-ს, რუსეთსა და უკრაინას შორის სამმხრივი მოლაპარაკებები „პროდუქტიული“ იყო და პროგრესს მიაღწია.
Axios-ის წყაროების ცნობით, ამან მოლაპარაკებების შემდეგი ეტაპი - პუტინსა და ზელენსკის შეხვედრა - მოააახლოვა.
„ოთახში დიდი პატივისცემა დავინახეთ, რადგან ისინი გულწრფელად ეძებდნენ გადაწყვეტილებებს“, - განუცხადა წყარომ გამოცემას.
ოფიციალურმა პირმა ივარაუდა, რომ თუ აბუ-დაბიში 1-ელ თებერვალს დაგეგმილი შემდეგი სამმხრივი შეხვედრა უფრო მეტ პროგრესს გამოიწვევს, შესაძლოა მხარეებმა შემდეგი შეხვედრა მოსკოვში ან კიევში გამართონ - რაც წლების განმავლობაში არ მომხდარა.
„პუტინიც და ზელენსკიც შეთანხმდნენ მომლაპარაკებლების გაგზავნაზე. ეს აჩვენებს, რომ ისინი მიიჩნევენ, რომ პროგრესის მიღწევა შესაძლებელია“, - განაცხადა ერთ-ერთმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა.
23-24 იანვარს აბუ-დაბიში აშშ-ს, უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართა.
მედიის ცნობით, მხარეებმა სამხედრო საკითხებთან დაკავშირებით პროგრესს მიაღწიეს.