აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მხარდაჭერა გამოუცხადა იმიგრაციისა და საბაჟო სამსახურების (ICE) ოფიცრებს, რომლებმაც მინესოტის შტატის ქალაქ მინეაპოლისში 37 წლის კაცი მოკლეს.
ამავდროულად, მან მკაცრად გააკრიტიკა შტატის გუბერნატორი და ქალაქის მერი, დაადანაშაულა ისინი „აჯანყების წაქეზებასა“ და ფედერალური აგენტების მუშაობისთვის ხელის შეშლაში.
„ეს მსროლელის იარაღი - დატენილი (ორი სავსე სათადარიგო მჭიდით!), მზად გამოყენებისთვის. ეს რა ჯანდაბაა? სად იყო ადგილობრივი პოლიცია? რატომ არ მისცეს მას ICE -ის ოფიცრების დაცვის უფლება? მერმა და გუბერნატორმა გააუქმეს ისინი? მიეცით ჩვენს ICE -ის პატრიოტებს საშუალება, აკეთონ თავიანთი საქმე! ამ პოლიციელთაგან ბევრს არ მიეცა თავისი სამუშაოს შესრულების უფლება, რომ ICE-ს მოუწია საკუთარი თავის დაცვა – ეს ადვილი საქმე არ არის!“
12 000 არალეგალი უცხოელი დამნაშავე, რომელთაგან ბევრი სასტიკი მოძალადე იყო, დააკავეს და მინესოტიდან გააძევეს. იქ რომ დარჩენილიყვნენ, დღეს არსებულზე გაცილებით უარესს ნახავდით! მერი და გუბერნატორი თავიანთი პომპეზური, საშიში და ამპარტავანი რიტორიკით აჯანყებას აქეზებენ! ამის ნაცვლად, ამ თავმომწონე პოლიტიკურმა სულელებმა უნდა ეძებონ მინესოტას და ამერიკის შეერთებული შტატების მოსახლეობისგან მოპარული მილიარდობით დოლარი,” - წერს ტრამპი.
ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ შტატში შექმნილი ვითარება „გამოწვეულია არალეგალი დამნაშავეებით, რომლებსაც შტატში შესვლის უფლება დემოკრატების ღია საზღვრების პოლიტიკის გამო მიეცათ“.
ცნობისთვის, 24 იანვარს მინეაპოლისში ფედერალურმა აგენტებმა კიდევ ერთი ადამიანი მოკლეს. აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის ცნობით, სასაზღვრო სამსახურის აგენტებმა კაცს, რომელიც მათ ცეცხლსასროლი იარაღით უახლოვდებოდა, თავდაცვის მიზნით გაუხსნეს ცეცხლი. მინეაპოლისის პოლიციის მეთაურის, ბრაიან ო’ჰარას თქმით, მოკლული 37 წლის კაცი აშშ-ის მოქალაქე იყო. მას იარაღი კანონიერად ჰქონდა.