პრინცი ჰარი გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებას, რომელშიც მან ეჭვქვეშ დააყენა მოკავშირეების, განსაკუთრებით კი ბრიტანეთის, წვლილი 11 სექტემბრის თავდასხმების შემდეგ ავღანეთში განხორციელებულ ოპერაციაში.
პრინცმა ჰარიმ, რომელიც ავღანეთში 2008 და 2012 წლებში მსახურობდა, განაცხადა, რომ მოკავშირეთა ოპერაციაში ბრიტანელი ჯარისკაცების მსხვერპლი პატივისცემას იმსახურებს.
„მე იქ ვმსახურობდი. იქ მთელი ცხოვრების მეგობრები შევიძინე. და იქ მეგობრებიც დავკარგე. მხოლოდ დიდი ბრიტანეთიდან 457 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა... ეს მსხვერპლი იმსახურებს სიმართლეს და პატივისცემას, რადგან ჩვენ ყველანი ერთიანები ვრჩებით და ერთგულები დიპლომატიისა და მშვიდობის დაცვის მიმართ“, - წერს პრინცი.
ჰარიმ შეახსენა, რომ 2001 წელს შეერთებულმა შტატებმა ნატო-ს მე-5 მუხლი გაააქტიურა და მოკავშირეებმა, განსაკუთრებით დიდმა ბრიტანეთმა, ამ მოწოდებას უპასუხეს.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა: „ჩვენ არასდროს დაგვჭირვებია ნატო-ს დახმარება, ისინი ამბობენ, რომ ავღანეთში გააგზავნეს გარკვეული რაოდენობის სამხედროები, ასეც იყო, ისინი ფრონტის ხაზიდან მოშორებით იყვნენ“.
ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერიც და მას შეურაცხმყოფელი და შემაძრწუნებელი უწოდა.
„პრეზიდენტ ტრამპის გამონათქვამებს შეურაცხმყოფლად და გულწრფელად შემაძრწუნებლად მივიჩნევ. არ მიკვირს, რომ ამან ასე გაანაწყენა ისინი, ვისი ახლობლებიც დაიღუპნენ ან დაშავდნენ. მე რომ ასე ცუდად გამომსვლოდა, აუცილებლად ბოდიშს მოვიხდიდი“, – განაცხადა სტარმერმა ვიდეომიმართვისას.