უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, რუსტემ უმეროვმა, დაადასტურა, რომ აბუ-დაბიში უკრაინის, აშშ-ისა და რუსეთის მონაწილეობით სამმხრივი შეხვედრა შაბათს, 24 იანვარს გაგრძელდება. ამის შესახებ უმეროვი Facebook-ზე წერს.
„აბუ-დაბიში, კირილო ბუდანოვთან, დავით არახამიასთან და სერჰიი კისლიცასთან ერთად, მონაწილეობა მივიღე უკრაინული, ამერიკული და რუსული მხარეების სამმხრივ შეხვედრაში. ჩვენ ვაფასებთ ამერიკის შუამავლობას.
აშშ-ის მხარეს წარმოადგენდნენ სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი, ჯარედ კუშნერი, ჯოშ გრუნბაუმი, გენერალი დენიელ დრისკოლი და გენერალი ალექს გრინკევიჩი. რუსეთის დელეგაციაში შედიან სამხედრო დაზვერვისა და არმიის წარმომადგენლები", - წერს უმეროვი.
უმეროვმა დასძინა, რომ შეხვედრა მიეძღვნა რუსეთის ომის დასრულების პარამეტრებს და მოლაპარაკების პროცესის შემდგომ ლოგიკას, რომლის მიზანია ღირსეული და მდგრადი მშვიდობისკენ სვლა.
„ხვალ კიდევ რამდენიმე შეხვედრა გაიმართება. უკრაინის დელეგაციას ხვალ შეუერთდებიან გენერალური შტაბის უფროსი, გენერალი ანდრიი გნატოვი და თავდაცვის სამინისტროს მთავარი დაზვერვის სამმართველოს უფროსის მოადგილე, გენერალ-ლეიტენანტი ვადიმ სკიბიცკი. ჩვენ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ვაცნობებთ თითოეული ეტაპის შედეგებს“, - განაცხადა უმეროვმა.
ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის თქმით, უკრაინის გუნდი კოორდინირებულად მოქმედებს პრეზიდენტ ზელენსკის მიერ დასახული ამოცანების ფარგლებში.