დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპელები უსაფრთხოების საკითხების, განსაკუთრებით გრენლანდიის მიმართ მათი დამოკიდებულების გამო გააკრიტიკა.
„დღეს ევროპა მხოლოდ იმ რწმენას ეყრდნობა, რომ ნატო საფრთხის შემთხვევაში ზომებს მიიღებს, თუმცა სინამდვილეში არავის უნახავს, როგორ მუშაობს ეს ალიანსი. თუ პუტინი ლიეტუვაში შეჭრას ან პოლონეთზე თავდასხმას გადაწყვეტს, ვინ მოახდენს რეაგირებას?“ -აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკიმ ასევე გაიხსენა გრენლანდიაში ბოლო დროს ჩატარებული ევროპული სამხედრო მისია.
მისი თქმით, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ტერიტორიის დასაცავად გამოყოფილი 40 ჯარისკაცი რუსეთსა და ჩინეთს სიგნალს უგზავნის.
„ევროპამ უნდა იცოდეს, როგორ დაიცვას თავი და თუ გრენლანდიაში 40 ჯარისკაცს გაგზავნით, რისთვის არის ეს საჭირო? რა გზავნილია ეს? რა სიგნალია ეს პუტინისთვის, ჩინეთისთვის? და რაც მთავარია, რა სიგნალია ეს დანიისთვის?“ - განაცხადა ზელენსკიმ.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინას შეეძლო ევროპას დახმარებოდა გრენლანდიის მახლობლად რუსული სამხედრო გემების განადგურებაში.
„ჩვენ ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ, თუ რუსული სამხედრო გემები თავისუფლად დაცურავენ გრენლანდიის გარშემო. უკრაინას შეუძლია დახმარება; ჩვენ გვაქვს გამოცდილება და იარაღი იმის უზრუნველსაყოფად, რომ არცერთი ეს გემი არ დარჩეს. ისინი, შესაძლოა, ჩაიძირონ გრენლანდიასთან ახლოს, ისევე როგორც ყირიმთან ახლოს. პრობლემა არ არის, ჩვენ გვაქვს რესურსები და გვყავს ხალხი“, - თქვა ზელენსკიმ.
პრეზიდენტმა ასევე დაადანაშაულა ევროპა ირანში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით უმოქმედობაში. ზელენსკიმ განაცხადა, რომ ყველა ელოდება აშშ-ს, რომელიც აიათოლას რეჟიმის წინააღმდეგ ზომებს მიიღებს, დამოუკიდებლად მოქმედების ნაცვლად.
„ყველა ელოდება, რას გააკეთებს ამერიკა, მაგრამ მსოფლიო არაფერს გვთავაზობს, ევროპა არაფერს გვთავაზობს და არ სურს ამ საკითხში ჩარევა... როდესაც უარს ამბობთ დაეხმაროთ ადამიანებს, რომლებიც თავისუფლებისთვის იბრძვიან, შედეგები უკან ბრუნდება და ისინი ყოველთვის უარყოფითია. 2020 წელს ბელარუსი იმის მაგალითია, თუ როგორ არავინ დაეხმარა ხალხს. ახლა რუსული რაკეტები განლაგდა ბელარუსში, რაც ევროპის ქვეყნების უმეტესობაში აღშფოთებას იწვევს, რაც არ მოხდებოდა, 2020 წელს ბელარუს ხალხს რომ გაემარჯვა“, - განაცხადა ზელენსკიმ.