ღაზა ლამაზი ადგილი გახდება. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დავოსში „მშვიდობის საბჭოს“ დამფუძნებელი წესდების ხელმოწერის ცერემონიაზე განაცხადა.
„მე გულის სიღრმეში უძრავი ქონების სპეციალისტი ვარ და ჩემთვის მდებარეობა ყველაფერია. მე ვთქვი, შეხედეთ ამ ადგილს სანაპიროზე, შეხედეთ ამ ლამაზ ადგილს, როგორი შეიძლება იყოს ის ამდენი ადამიანისთვის.ეს შესანიშნავი იქნება. ადამიანები, რომლებიც ასე ღარიბები იყვნენ, ძალიან კარგად იცხოვრებენ“, - განაცხადა მან.
მისივე თქმით, ღაზა დემილიტარიზებული იქნება. ტრამპმა აღნიშნა, რომ „ჰამასმა“ უკანასკნელი გარდაცვლილი მძევალიც უნდა დააბრუნოს, შემდეგ კი სხვა საკითხები მოგვარდება.
„ნათლად განვაცხადე, რომ „ჰამასმა“ უკანასკნელი გარდაცვლილი მძევალიც უნდა დააბრუნოს და ეს ვალდებულების სრული შესრულება იქნება. შემდეგ კი სხვა საკითხებზე გადავალთ და ვიღებთ ვალდებულებას, უზრუნველვყოთ, რომ ღაზა დემილიტარიზებული, სათანადოდ მართული და ლამაზად აღდგენილი გახდება“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ტრამპმა მადლობა გადაუხადა სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობასა და გაწეული სამუშაოსთვის.
ჯარედ კუშნერმა ღაზის სექტორის რეკონსტრუქციის გეგმა წარადგინა.
კუშნერის თქმით, ღაზას „საოცარი პოტენციალი“ აქვს, მათ შორის, ტურისტული თვალსაზრისით.
„თუ „ჰამასის“ დემილიტარიზაცია არ მოხდება, მაშინ ეს ღაზას მოსახლეობის მისწრაფებებს შეაფერხებს. ჩვენი მიზანი ისრაელსა და პალესტინელ ხალხს შორის მშვიდობაა“, - აღნიშნა კუშნერმა.