ევროკავშირი არ აპირებს გრენლანდიის გამო შეერთებულ შტატებთან „ჩხუბის დაწყებას“, თუმცა ის თავის პოზიციას დაიცავს და ამისთვის ინსტრუმენტების ნაკრები აქვს. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა სტრასბურგში, ევროპარლამენტის სესიაზე გრენლანდიასა და ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებზე გამართულ მოსმენაზე სიტყვით გამოსვლისას.
„ევროკავშირს არ აქვს ჩხუბის დაწყების განზრახვა, მაგრამ დაიცავს თავის პოზიციას. ევროპას აქვს მთელი რიგი ინსტრუმენტები თავისი ინტერესების დასაცავად“, - თქვა მან და დასძინა, რომ პირდაპირი მუქარა „არ აიძულებს დანიას, უარი თქვას გრენლანდიაზე, მაგრამ გააღარიბებს როგორც აშშ-ს, ასევე ევროპას“.
„ევროკავშირი, უდავოდ, კვლავაც დანიისა და გრენლანდიის მხარეს რჩება მათი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვაში. გრენლანდია მის ხალხს ეკუთვნის, არანაირი მუქარები ან ტარიფები არ შეცვლის ამას, პრეზიდენტ ტრამპის შაბათის განცხადებებმა შექმნა სიტუაცია, რომელიც აქამდე არასდროს განგვიცდია. ჩვენი პასუხი უნდა იყოს სიმშვიდის შენარჩუნება, პოზიციების შენარჩუნება და ერთად მოქმედება.
გრენლანდია სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, ეს საიდუმლო არ არის. მის მახლობლად საკვანძო წყალქვეშა მარშრუტებია და მის ქვემოთ კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნედლეული, რომელიც მნიშვნელოვანია მსოფლიო ეკონომიკისთვის.
საშუალება მომეცით ცხადად ვთქვა: გრენლანდია მის ხალხს ეკუთვნის. არანაირი მუქარები ან ტარიფები არ შეცვლის ამას. სუვერენიტეტით არ ვაჭრობენ. ევროკავშირი ეჭვების გარეშე უდგას გვერდში გრენლანდიას და დანიის სამეფოს თავიანთი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვაში.
გრენლანდია და დანია აშშ-სთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ. სწორედ ამას აკეთებენ პასუხისმგებლიანი მოკავშირეები - ისინი საუბრობენ. მაგრამ ამ საუბრების ტონს მნიშვნელობა აქვს და მუქარა მიუღებელია“, - დასძინა მან.
კალასმა კიდევ ერთხელ დაადანაშაულა რუსეთი და ჩინეთი არქტიკაში უსაფრთხოების შელახვის მცდელობაში და მოუწოდა შეერთებულ შტატებს, ნატო-ს ფარგლებში დაუპირისპირდნენ რუსეთს და ჩინეთს არქტიკასა და გრენლანდიაში.