ჩილეს სამხრეთ ნაწილში მასშტაბურმა ხანძრებმა სულ მცირე 18 ადამიანი იმსხვერპლა. ქვეყნის ხელისუფლებამ დაზარალებულ რეგიონებში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
ჩილეს უსაფრთხოების მინისტრ ლუის კორდეროს თქმით, დედაქალაქ სანტიაგოდან სამხრეთით დაახლოებით 480 კილომეტრში მდებარე ნუბლესა და ბიო ბიოს რეგიონებში ორი დღის განმავლობაში 14 მასშტაბური ხანძარი მძვინვარებდა.
პრეზიდენტმა გაბრიელ ბორიჩმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლითაც კონკრეტულ რეგიონებში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ეს გადაწყვეტა საშუალებას შეიარაღებულ ძალებს მიცსემს ჩაერთონ ხანძრის ჩაქრობის ძალისხმევაში და მობილიზებული იყოს ყველა არსებული რესურსი.
შინაგან საქმეთა მინისტრმა ალვარო ელიზალდემ არსებული ვითარება უკიდურესად „რთულად“ შეაფასა.
ხანძრის ჩასაქრობად დაახლოებით 4 000 მეხანძრე მუშაობს, თუმცა მათ სამუშაოს ძლიერი ქარი და უჩვეულო სიცხე ართულებს.
სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს დღეებშ რეგიონში ტემპერატურა 38 გრადუს მიაღწევს.
სატყეო სააგენტო CONAF-მა მოქალაქეებს მოუწოდა, თავი შეიკავონ იმ ადგილებში მოგზაურობისგან, სადაც სამაშველო ოპერაციები მიმდინარეობს.