ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა სინანული გამოთქვა, რომ ევროპა და აშშ დაპირისპირებაში აღმოჩნდნენ ტრამპის მიერ გრენლანდიაზე ხელყოფის გამო, რაც მხოლოდ მათი ოპონენტებისთვისაა სასარგებლო. ამის შესახებ კალასი X-ზე წერს.
კალასმა აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც ტრამპმა ევროპელი მოკავშირეების წინააღმდეგ უფრო მაღალი ტარიფები გამოაცხადა, როგორც შურისძიება დანიისა და გრენლანდიის მხარდაჭერისადმი მათი პოზიციის გამო, ჩინეთი და რუსეთი ალბათ ზეიმობენ, რადგან მხოლოდ ისინი სარგებლობენ დასავლეთის სახელმწიფოებს შორის ასეთი განხეთქილებით.
„ჩინეთსა და რუსეთს ალბათ კარგი დღე აქვთ. სწორედ ისინი სარგებლობენ მოკავშირეებს შორის განხეთქილებით. თუკი გრენლანდიის უსაფრთხოება საფრთხის ქვეშაა, ეს საკითხი ნატო-ს ფარგლებში შეგვიძლია განვიხილოთ. ტარიფები ევროპისა და შეერთებული შტატების გაღარიბების რისკს აჩენს და ძირს უთხრის ჩვენს საერთო კეთილდღეობას. ასევე, ჩვენ არ შეგვიძლია, დავუშვათ, რომ ჩვენმა დავამ ყურადღება გადაგვატანინოს მთავარი ამოცანიდან, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულებას გულისხმობს“, – წერს კალასი.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შაბათს განაცხადა, რომ 1-ლი თებერვლიდან რამდენიმე ქვეყანას, რომლებიც არ ეთანხმებიან მის პოზიციას გრენლანდიასთან დაკავშირებით, ტარიფები დაეკისრება.
მისი თქმით, 2026 წლის 1-ელი თებერვლიდან დანიას, ნორვეგიას, შვედეთს, საფრანგეთს, გერმანიას, გაერთიანებულ სამეფოს, ნიდერლანდებსა და ფინეთს შეერთებულ შტატებში ექსპორტირებულ ყველა საქონელზე 10%-იან ტარიფს დაუწესებატ. 2026 წლის 1-ელი ივნისიდან ტარიფი 25%-მდე გაიზრდება.