ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი დელსი როდრიგესი, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „შესანიშნავი ადამიანი“ და სასურველი პარტნიორი უწოდა, წლების განმავლობაში აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოების მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა და ათობით სისხლის სამართლის საქმეში ფუგურირეს.
ამის შესახებ The Associated Press აშშ-ის ნარკოტიკებთან ბრძოლის სამმართველოს (DEA) დოკუმენტებსა და სამართალდამცავი ორგანოების წყაროებიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.
ჟურნალისტების ცნობით, როდრიგესი DEA-ს დაახლოებით ათეულ გამოძიებაში ფიგურირებს, რომელთაგან ზოგიერთი კვლავ აქტიურია.
ამ გამოძიებების გეოგრაფია მოიცავს ოფისებს პარაგვაიდან და ეკვადორიდან შეერთებულ შტატებში, ფენიქსამდე და ნიუ-იორკამდე.
2022 წელს აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა როდრიგესი „პრიორიტეტულ სამიზნედ“ დაასახელა. ნარკოტიკებით ვაჭრობის დეპარტამენტი ამ აღნიშვნას მხოლოდ იმ ეჭვმიტანილებისთვის იყენებს, რომლებსაც, დაზვერვის მონაცემებით, „მნიშვნელოვანი გავლენა“ აქვთ საერთაშორისო ნარკოტიკებით ვაჭრობაზე.
გამოცემის ცნობით, დოკუმენტები აჩვენებს, რომ აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოებმა შეადგინეს როდრიგესის შესახებ დეტალური დოსიე, რომელიც სულ მცირე 2018 წლით თარიღდება. მასში ჩამოთვლილია მისი თანამზრახველები და ბრალდებები, ნარკოტიკებით ვაჭრობიდან დაწყებული ოქროს კონტრაბანდით დამთავრებული.
კერძოდ, კონფიდენციალურმა ინფორმატორმა გამომძიებლებს განუცხადა, რომ როდრიგესი მარგარიტას კურორტზე მდებარე სასტუმროებს ფულის გათეთრებისთვის იყენებდა.
კუნძული, რომელიც მატერიკის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს, დიდი ხანია, შეერთებული შტატების მიერ კარიბის ზღვის აუზსა და ევროპაში ნარკოტიკებით ვაჭრობის სტრატეგიულ ცენტრად ითვლება.
როდრიგესი ასევე დაკავშირებულია კოლუმბიელი ბიზნესმენისა და მადუროს რწმუნებულის, ალექს სააბის კორუფციულ სქემებთან, რომელიც აშშ-მა 2020 წელს დააკავა სამთავრობო კონტრაქტების მეშვეობით ფულის გათეთრებისთვის.
ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ აშშ-ის მთავრობას როდრიგესის წინააღმდეგ ოფიციალურად არასდროს წაუყენებია საჯარო ბრალდება.
თუმცა, არსებული გამოძიებები DEA-ს ელიტარული სპეციალური ოპერაციების დანაყოფის მიერ იყო ჩატარებული - იგივე სააგენტოს, რომელმაც მადუროს დაპატიმრებისთვის მტკიცებულებები მოამზადა.