აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება არ მიეტანა ირანზე იერიში, დამოუკიდებლად მიიღო.
მისი თქმით, მასზე ზეწოლა არავის მოუხდენია.
„არავის უცდია ჩემი დაყოლიება. მე თვითონ დავარწმუნე ჩემი თავი“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.
მან აღნიშნა, რომ მის გადაწყვეტილებაზე „დიდი გავლენა“ მოახდინა ირანში მომიტინგეების სიკვდილით დასჯის გაუქმების შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ.
„მათ ჩამოხრჩობით 800-ზე მეტი სიკვდილით დასჯა ჰქონდათ დაგეგმილი. არავინ დაუსჯიათ სიკვდილით. მათ გააუქმეს სიკვდილით დასჯა“, - განაცხადა ტრამპმა.
დონალდ ტრამპმა მანამდე განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ირანში მიმდინარე მოვლენებს დააკვირდება, ვიდრე შესაძლო სამხედრო ქმედებებზე გადაწყვეტილებას მიიღებს.
AFP საუდის არაბეთის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით, იტყობინება, რომ საუდის არაბეთმა, კატარმა და ომანმა შეძლეს აშშ-ის პრეზიდენტის დარწმუნება არ დაებომბა ირანი, რადგან რეგიოშნი დესტაბილიზაციის საფრთხე შეიქმნებოდა.
მედიის ცნობით, განცხადებების მიუხედავად, ტრამპის ადმინისტრაცია სამხედრო მოქმედებებისთვის მზადებას აგრძელებს.
Fox News-ის წყაროების ცნობით, შეერთებული შტატები ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით სულ მცირე ერთ ავიამზიდს აგზავნის.
წყაროებმა ასევე განაცხადეს რეგიონში სახმელეთო და საჰაერო ძალების, ასევე სარაკეტო თავდაცვის სისტემების შექმნის გეგმების შესახებ.
ერთ-ერთმა თანამოსაუბრემ განაცხადა, რომ დარტყმის შემთხვევაში, ოპერაცია „განსხვავებული, უფრო აგრესიული“ იქნებოდა.
Axios-ი წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ტრამპმა დარტყმების შესახებ გადაწყვეტილების მიღება გადადო, თუმცა სამხედრო ვარიანტი დღის წესრიგში დარჩა. Axios-ის ცნობით, თეთრმა სახლმა კონსულტაციები გამართა მოკავშირეებთან, მათ შორის ისრაელთან, რომლებმაც ეჭვები გამოთქვეს შეზღუდული დარტყმების ეფექტურობასთან დაკავშირებით.