უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დაზვერვის მიერ მიწოდებული ცნობებით, რუსეთი ახალი მასშტაბური დარტყმებისთვის ემზადება.
„დღეს საჰაერო თავდაცვისა და სამხედროებისთვის ცალკე ამოცანებია. ამჟამად ჩვენ გვაქვს დაზვერვის ინფორმაცია, რომ რუსები ახალი მასშტაბური დარტყმებისთვის ემზადებიან.
ჩვენ ხშირად ვესაუბრებით ჩვენს პარტნიორებს საჰაერო თავდაცვის რაკეტებსა და სისტემებზე, რომლებიც უკიდურესად გვჭირდება. მიწოდება საკმარისი არ არის. ჩვენ ვცდილობთ, დავაჩქაროთ პროცესი და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა პარტნიორებმა მოგვისმინონ,“ - განაცხადა ზელენსკიმ.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დონეზე ბევრი რამ კეთდება, თუმცა მოუწოდა ხალხს, ყურადღება მიაქციონ საჰაერო განგაშის სირენებს.
შეგახსენებთ, 8 იანვარს გაკეთებულ მიმართვაში ზელენსკიმ გააფრთხილა რუსეთის მხრიდან 9 იანვრის ღამეს შესაძლო მასშტაბური დარტყმის შესახებ.
9 იანვრის ღამეს რუსეთის არმიამ ლვოვის ოლქზე „ორეშნიკის“ ტიპის სარაკეტო იერიში მიიტანა.
გარდა ამისა, რუსული დარტყმების სამიზნე გახდა კიევი და კიევის ოლქი. ძირითადი სამიზნეები საცხოვრებელი შენობები, კრიტიკული ინფრასტრუქტურა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა იყო.